დღე: 22

ღამე: 11

USD 2.6755

EUR 2.8837

სახელწოდებით "სამოთხე მოიცდის" - აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა გაიხსნა 17.11.2022 23:31

17 ნოემბერს, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში,  მხატვარ აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენა სახელწოდებით - "სამოთხე მოიცდის" გაიხსნა.

 

აიდა მაჰმუდოვა აზერბაიჯანელი ხელოვანი და YARAT Contemporary Art Space-ის [ბაქო] დამფუძნებელია. 2011 წლიდან დღემდე, მას არაერთ საერთაშორისო გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. ის ასევე არის 56 - ვენეციის ბიენალეს აზერბაიჯანის პავილიონის მონაწილეც.

 

ხელოვანმა პერსონალური გამოფენის შესახებ "ჯორჯიან თაიმსთან" ისაუბრა:

 

"მოხარული ვარ, რომ დღეს, ჩემი  ნამუშევრების გამოფენა სწორედ თბილისში  გაიხსნა, რომელიც კიდევ მომდევნო სამი თვის განმავლობაში  იქნება წარმოდგენილი.

 

ჩემთვის, ეს გამოფენა  ხელოვნების გავრცობის გზა და საშუალებაა. რაც შეეხება ნამუშევრებს, აქ ჩემი ყველაზე საყვარელი ნამუშევრებია წარმოდგენილი და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მათი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

 

ვფიქრობ, ლამაზი საღამო შედგა. აქვე  მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარს თბილისი, ქართველი ხალხი და მოხარული ვარ, რომ სწორედ ეს ქვეყანა და ქალაქია ამჯერად ჩემი ნამუშევრების წარმოდგენის ადგილი," - განაცხადა აზერბაიჯანელმა მხატვარმა, აიდა მაჰმუდოვამ.

 

მხატვრის შემოქმედება "ჯორჯიან თაიმსთან" მუზეუმის წარმომადგენელმა, თათა ქსოვრელმაც შეაფასა. მისი განმარტებით, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი აზერბაიჯანელი მხატვრის, აიდა მაჰმუდოვას პერსონალური გამოფენისთვის ერთი წელი ემზადებოდა.

 

მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული გამოფენისთვის შეიქმნა სპეციალური კონცეფცია, რომელიც მუზეუმში მოსული დამთვალიერებლებისთვის ერთგვარი სიახლეც არის.

 

"დღევანდელი გამოფენისთვის ბოლო ერთი წელია ვემზადებით. მზადების პერიოდში სპეციალურად შეიქმნა კონცეფცია - ფერწერული ტილოები, ინსტალაცია, ქანდაკება და ვიდეო არტი, რომელიც ჩვენს საგამოფენო სივრცეში დამთვალიერებლის წინაშე პირველად წარდგა.

 

ვფიქრობ, ექსპოზიცია ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა. ჩვენი მუზეუმი კი, აღნიშნული ხელოვანის შემოქმედების სანახავად, დამთვალიერებელს 10 თებერვლის ჩათვლით უმასპინძლებს," - განაცხადა თათა ქსოვრელმა.

 

აზერბაიჯანელი მხატვრის პერსონალური გამოფენის გახსნის ცერემონიალს როგორც აზერბაიჯანელი სტუმრები და ხელოვანები, ასევე, ქართველი საზოგადოების ცნობადი სახეებიც ესწრებოდნენ.  მომღერალმა, ირმა სოხაძემ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ პირადად მისთვის ძალიან საინტერესოა გამოფენის სახელწოდება - "სამოთხე მოიცდის".

 

როგორც მომღერალმა აღნიშნა, გამოფენა ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესოა.

 

"როდესაც მსგავს გამოფენებზე მოვდივარ, წინასწარ ვიქმნი განწყობას, რომ მხატვრის მიერ წარმოდგენილი ნამუშევრები მომეწონოს. ასევე, წინასწარ ვემზადები იმისთვის, რომ ის კონცეფცია, რაც მხატვარმა საკუთარ ნაშრომში ჩადო, ჩემთვის მაქსიმალურად გასაგები იყოს. რაც შეეხება აიდა მაჰმოდოვას ნამუშევრებს, რომლებიც, ზოგი ნახატის, ზოგი ქანდაკების, ზოგიც კი ვიდეოს სახითაა წარმოდგენილი, - უაღრესად შთამბეჭდავია!

 

ვფიქრობ, ძალიან მრავალფეროვანი ნამუშევრებია წარმოდგენილი. ასევე, პირადად ჩემთვის, ძალიან საინტერესოა თავად გამოფენის სახელწოდებაც.  როდესაც ნამუშევრები ვნახე, უფრო უკეთ აღვიქვი,- თუ რას უნდა ნიშნავდეს მხატვრის მიერ წარმოდგენილი კონცეფცია. ალბათ, ამ სახელწოდების მთავარი აზრიც სწორედ ის არის, რომ რაღაცის მოლოდინში არ უნდა ვიცხოვროთ. ეს ცოტა ირონიულიც არის, - იქნებ სამოთხე ამ სამყაროშიც უნდა ვეძებოთ, რადგან კაცმა არ იცის, სამოთხე იქ დაგვხვდება თუ არა" - განაცხადა ირმა სოხაძემ "ჯორჯიან თაიმსთან".

 

გამოფენა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები