დღე: 22

ღამე: 11

USD 2.6755

EUR 2.8837

"რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს" - The Wall Street Journal 23.03.2023 16:55

„ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებმა სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა კრემლში გამართული შეხვედრების დროს დაადასტურეს პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება და ორივემ აშშ-სა და მისი დემოკრატიული მოკავშირეების მიერ დამყარებული მსოფლიო წესრიგს ბრძოლა გამოუცხადა“, - ნათქვამია ამერიკული გაზეთის „უოლ-სთრით ჯორნელის“ (The Wall Street Journal) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „რუსეთ-ჩინეთის ლიდერების სამიტი დასავლეთის გამოწვევას წარმოადგენს“ (ავტორი - ენ სიმსონი).

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

 

„იმ დროს, როცა უკრაინის აღმოსავლეთში ომი ბობოქრობს, დონბასიდან ასობით კილომეტრის მოშორებით, კრემლის მოოქროვილ დარბაზში სტუმარ-მასპინძელი ერთმანეთს ღიმილით შეხვდნენ. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარემ, რომელიც ამ პოსტზე ახლახან უკვე მესამედ აირჩიეს (უპრეცედენტო ფაქტი ქვეყნისათვის!) თავის რუს კოლეგასთან საუბრისას აღნიშნა, რომ პეკინსა და მოსკოვს შორის ღრმავდება პოლიტიკური ურთიერთგაგება და ურთიერთნდობა, ფართოვდება საერთო ინტერესების წრე“.

 

ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა ფაქტობრივად იმ საერთაშორისო წესრიგის წინააღმდეგ არის მიმართული, რომელიც მსოფლიოში აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ არის დამყარებული. კრემლში შეხვედრამ დაადასტურა, რომ პეკინი და მოსკოვი დასავლეთის წინააღმდეგ სინქრონულად გამოდიან: სი ძინპინმა და ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ომის ფონზე ურთიერთსოლიდარობა გამოავლინეს. „ცისქვეშეთის“ ლიდერმა, რომელმაც რუსეთს, დასავლური სანქციების პირობებში, ფაქტობრივად „ეკონომიკური მაშველი რგოლი“ გადაუგდო, განაცხადა, რომ პეკინი მზად არის სავაჭრო და ფინანსური კავშირების განმტკიცებისათვის.

 

პარალელურად, ჩინეთის ლიდერს რუსეთში ვიზიტის დროს მიეცა შესაძლებლობა ეჩვენებინა, რომ პეკინს, ყველა სიტუაციაში ყოველთვის შეუძლია განახორციელოს თავისი პოლიტიკა და მიზანსაც მიაღწიოს. „ჩვენ ისტორიის სამართლიან მხარეს ვდგავართ და ნამდვილ ისტორიას ვქმნით, მშვიდობის ისტორიას“, - აღნიშნა სი ძინპინმა.

 

როგორც ცნობილია, ჩინეთმა მსოფლიოს წინაშე რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის 12-პუნქტიანი სამშვიდობო პოზიცია დააფიქსირა, თუმცა დასავლეთმა პეკინის გეგმა დაიწუნა და უარყო. აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის შეხვედრა მშვიდობის მიღწევის მიზნით უიმედოა და შედეგს არ მოიტანს. „არავის ეგონოს, რომ მოსკოვური სამიტის შემდეგ ომი მალე დასრულდება“.

 

სანამ ჩინეთისა და რუსეთის ლიდერები პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცებას მოსკოვში ჭიქებით მიჭახუნებით აღნიშნავდნენ, კიევში ჩინეთის მთავარი აზიელი მეტოქე - იაპონიის პრემიერ-მინისტრი ფუმიო კესიდა ჩავიდა და უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის შეხვდა, თან დააიმედა - იაპონია სამხედრო დახმარების პაკეტის ჩარჩოებში უკრაინას 30 მილიონ დოლარს გამოუყოფს.

 

აშშ და მისი მოკავშირეები სერიოზულად არიან შეშფოთებული ჩინეთის პოსტკოვიდური გააქტიურებით და მიაჩნიათ, რომ მათ საერთაშორისო არენაზე სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდათ. ეს ეხება ჩინეთის საშუამავლო პოლიტიკასაც. საკმარისია გავიხსენოთ პეკინის საშუამავლო მისია თეირანისა და ერ-რიადის ერთმანეთთან შერიგების მიზნით, რომელიც პეკინში 6 მარტს განხორციელდა. ფაქტობრივად ჩინეთი აშშ-ის გავლენის „წმინდათა-წმინდა“ სფეროში შეიჭრა - ახლო აღმოსავლეთში - და თავისი პოლიტიკის გატარება დაიწყო: წარმატებით აგვარებს დაპირისპირებას რეგიონის ორ უდიდეს სახელმწიფოს - ირანსა და საუდის არაბეთს შორის, რომლებმაც, პეკინის აქტიური შუამავლობით, გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა უკვე აღადგინეს. მოკლედ, დასავლეთი ჩინეთისაგან, ალბათ, კიდევ ბევრ სიურპრიზებს უნდა ელოდოს, - ნათქვამია პუბლიკაციაში.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები