დღე: 18

ღამე: 10

USD 2.6755

EUR 2.8837

"ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ" - Die Welt 24.03.2023 17:16

„საფრანგეთში გრძელდება ბრძოლა ხელისუფლების მიერ დაგეგმილი საპენსიო რეფორმის შესახებ. დანაკარგების მიუხედავად, პოლიტიკური ბანაკები ერთმანეთს გააფთრებით ებრძვიან, რითაც ქვეყანას ასუსტებენ და საბოლო ჯამში - ევროკავშირსაც, მით უმეტეს, რომ დასავლეთის თავისუფალ სამყაროს ჰყავს უძლიერესი მეტოქეები, რომლებიც მისი ყოველნაირი სისუსტით ისარგებლებენ“, - ნათქვამია გერმანულ გაზეთ „ველტში“ (Die Welt) გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ფრანგული პოლიტიკური ელიტა საკუთარ ქვეყანას ასუსტებს, ვლადიმერ პუტინის სასიხარულოდ“ (ავტორი - ჟაკ შუსტერი).

 

„საპროტესტო გამოსვლები იმ რეფორმის წინააღმდეგ, რომელიც პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოიწყო, არ წყდება. გაგეცინება იმის გაგონებაზე, თუ როგორ ცდილობენ ფრანგი პოლიტოლოგები თავიანთ გერმანელ კოლეგებს აუხსნან, რომ „საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ მიმდინარე ბუნტს, მართალია, გამართლება არ აქვს, მაგრამ, პრინციპში, ის სრულიად გასაგებია“.

 

საფრანგეთი უკვე დიდი ხანია თავისი შესაძლებლობებით არ ცხოვრობს, მოსახლეობა ხელგაშლილ ცხოვრებას მიეჩვია. ამის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ მოქალაქეთა დიდი ნაწილს რეალობის აღიარება არ სურს და ტრადიციული მდგომარეობის შენარჩუნება უნდა, ამიტომ არასასურველი რეფორმის წინააღმდეგ გამოდის.

 

ამჟამად ყოველი სამი ფრანგიდან, რომელთა ასაკი 60-დან 64 წლამდეა, მხოლოდ ერთია დასაქმებული. და ეს ხდება იმ დროს, როცა შობადობამ ქვეყანაში დაიკლო, სიცოცხლის ხანგრძლივობამ კი მოიმატა. პენსიაში 64 წლის ასაკში გასვლა გაზრდიდა ახალი სამუშაო ადგილების პოტენციალს, მაგრამ იმავდროულად სახელმწიფოს საგადასახადო შემოსავლები შეუმცირდებოდა. „პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ყველას უხსნიან, ევედრებიან, რომ ჭკუას მოუხმონ, მაგრამ უშედეგოდ.

 

იქმნება შთაბეჭდილება, რომ საფრანგეთი უკვე რეფორმებს ვეღარ გადაიტანს. უფრო მეტიც - საფრანგეთს კრიზისებს ვეღარ უმკლავდება. თანაც ამას ემატებიან პარტიებიც, რომელთა აზრით, მთავრობასთან კომპრომისებზე წასვლა სისუსტის ნიშანია. ეროვნულ კრებაში არსებულ დემოკრატიულ ოპოზიციას კი „პრინციპული აუცილებლობის გრძნობა არ გააჩნია“, როცა მხარს არ უჭერს საპენსიო რეფორმას.

 

ოპოზიცია უპირატესობას ანიჭებს მემარცხენეებთან და ექსტრემისტებთან დაახლოებას, რომლებიც მხოლოდ იმით არიან დაკავებულები, რომ სხდომები ჩაშალონ. საოცარია, რომ დღეს ბევრი მწვანე და რესპუბლიკელები ეჭვის ქვეშ აყენებენ პრეზიდენტის ლეგიტიმურობას და არ ფიქრობენ იმას, თუ რამდენად ლეგიტიმურია პროფკავშირთა საქმიანობა, რომელთა რაოდენობა წლიდან-წლამდე მცირდება და რომლებსაც ელემენტარული წესრიგის დამყარება არ შეუძლიათ. ისინი მხოლოდ „არას“ ამბობენ ნებისმიერ რეფორმაზე.

 

საფრანგეთის პოლიტიკური ელიტა საკუთარი თვითლიკვიდაციით არის დაკავებული. თუ სიტუაცია ასე გაგრძელდება, საპროტესტო აქციები არა მარტო საფრანგეთს დაასუსტებს, არამედ მთლიანობაში - ევროპასაც. ანუ ვლადიმერ პუტინს შეუძლია მოხარული იყოს.

 

წყარო

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები