დღე: 23

ღამე: 11

USD 2.6755

EUR 2.8837

,,მტკიცებულებებში არ ჩანს, რომ ლაზარემ „მოლოტოვის კოქტეილი“ ისროლა''- ნინო ლომჯარია 02.04.2023 13:55

„ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს“, - ამის შესახებ ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ირღვევა პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისის უდანაშაულობის პრეზუმფციაც.

ყოფილი სახალხო დამცველი ასევე ფიქრობს, რომ პრემიერ-მინისტრის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან, აქციის მონაწილეების დემონიზების მცდელობას აქვს ადგილი.

„პირველ რიგში, ის, რომ ლაზარემ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი ისროლა, საჯაროდ წარმოდგენილ მტკიცებულებებში არ ჩანს. ამასთანავე, ირღვევა ლაზარეს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რადგან ირაკლი კობახიძემ ის უკვე შერაცხა მოძალადე ახალგაზრდად, გამოიყენა ბრალდებულის მიმართ სიძულვილის ენა.

ჯერჯერობით რაც ზედაპირზეა, პრემიერის და მმართველი პარტიის ლიდერის მხრიდან ადგილი აქვს აქციის მონაწილეების დემონიზების პოლიტიკურ განზრახვას, რისი რეალიზებაც ლაზარეს შემთხვევაში უნდათ რომ მოახდინონ“, - წერს ნინო ლომჯარია.

ლაზარე გრიგორიადისი 7-9 მარტს გამართულ საპროტესტო აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე, 29 მარტს დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, მან საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, სამართალდამცველები დაშავდნენ.

გარდა ამისა, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

გრიგორიადისის დასაცავად სამოქალაქო აქტივისტებმა აქციების გამართვა დაიწყეს. პირველი აქცია 31 მარტს გაიმართა.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები