დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა: გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ჯორჯ ორუელის „1984“-ად? 13.04.2021 14:10

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანი“-ში («The Guardian») გამოქვეყნდა სტატია სათაურით „რუსეთი, ჩინეთი და ამერიკა: გადაიქცევა თუ არა 2021 წელი ორუელურ „1984“-ად?, რომლის ავტორია ჟურნალისტ-კოლუმნისტი საიმონ ტისდოლი. მასალის მოკლე შინაარსი გამოაქვეყნა ბრიტანული „ბი-ბი-სი“-ს რუსულმა სამსახურმაც.

 

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსის გადმოქართულებულ ვერსიას:

 

„შესაძლოა, ეს მხოლოდ უბრალო დამთხვევაა, რომ რუსეთი და ჩინეთი ერთდროულად აძლიერებენ თავიანთ სამხედრო ზეწოლას და „იარაღს აჟღარუნებენ“ - მოსკოვი უკრაინის მიმართ, ხოლო პეკინი ტაივანის წინააღმდეგ? შესაძლოა, თქვენ ვერ იპოვით რუსეთ-ჩინეთის პირდაპირი გარიგების დამადასტურებელ მტკიცებულებას, მაგრამ ერთი რამ აშკარაა: ორივე სახელმწიფოს ლიდერები - ვლადიმერ პუტინს და სი ძინპინს ერთმანეთის მშვენივრად ესმით  და კარგად არიან შეხმატკბილებულნი, ერთმანეთს სინქრონული ეფექტით აძლიერებენ. მათი მიზანია ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის რეაქციის მოსინჯვა“, - წერს საიმონ ტისდოლი.

 

პუბლიკაციის ავტორის აზრით, „ჩვენს თვალწინ ხდება ჯორჯ ორუელის კოშმარული ხედვების რეალიზება, რომელიც მან თავის რომანში - „1984“-ში წარმოსახა. როგორც ცნობილია, წიგნში მსოფლიო გაყოფილია გეოგრაფიული, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით სამ ერთმანეთის მოწინააღმდეგე სუპერსახელმწიფოს - ოკეანეთს (ანუ აშშ და დიდი ბრიტანეთი), ევრაზიას (სსრკ/რუსეთი და ევროპა) და ისტაზიას (ჩინეთს) შორის. რომანის მიხედვით, ოკეანეთი ევრაზიის ჯარებს ამარცხებს.

 

ჩინეთი 1949 წლისათვის, რომანის გამოცემის ჟამს, ძალიან სუსტი იყო, მოგვიანებით საბჭოთა კავშირი დაიშალა... ანუ ოკეანეთი (ამერიკა და ინგლისი) მართლაც გამარჯვებული გამოვიდა?

 

მაგრამ, სავარაუდოდ, ჯორჯ ორუელი აჩქარდა: დღეს რეალობა ისეთია, რომ 2021 წელი შესაძლოა „1984“-ად გადაიქცეს, ოღონდ პირიქით. არც რუსეთს და არც ჩინეთს არ სურთ შეურიგდნენ ამერიკულ პოლიტიკას, რომელიც, მოსკოვისა და პეკინის აზრით, თავდასხმას             ჰგავს და შეურაცხმყოფელია. ამასთან, „ევრაზია“ ფიქრობს, რომ დღევანდელმა „ოკეანეთმა“ (აშშ და ნატო), თავისი დაპირების მიუხედავად, საეჭვოა უკრაინას და ტაივანს რაიმე ქმედითი და პრაქტიკული დახმარება აღმოუჩინოს. „ევრაზია“ ფიქრობს, რომ „ოკეანეთი“ აცნობიერებს: თუ ის რეალურად ჩაერევა, შესაძლოა მსოფლიო მესამე, ამჯერად უკვე ბირთვული ომის ზღვარზე აღმოჩნდეს.

 

„რა თქმა უნდა, გამორიცხული არ არის, რომ ვლადიმერი და სი ცდილობენ თავიანთი ამერიკელი კოლეგა ჯო დატროლონ (პროვოცირებას უწყობენ), მის სუსტ ადგილებს ეძებენ... სავარაუდოდ, ჯო ბაიდენი ანკესს არ წამოეგება, მაგრამ თუ მართლაც რუსები და ჩინელები ერთდროულად შეიჭრებიან მათთვის საინტერესო ტერიტორიებზე - უკრაინაში და ტაივანზე, ეს აშშ-ის პრეზიდენტისათვის ნამდვილი ორუელური კოშმარი იქნება“, - აღნიშნავს საიმონ ტისდოლი პუბლიკაციის დასასრულს.

 

წყაროები: https://www.bbc.com/russian/news-56713266

https://www.theguardian.com/commentisfree/2021/apr/11/china-v-russia-v-america-is-2021-the-year-orwells-1984-comes-true

 

მოამზადა სიმონ კილაძემ

ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები