დღე: 19

ღამე: 10

USD 2.6797

EUR 2.8777

იმედია, რუსეთს თავის ადგილს მიუჩენენ და საქართველო უკრაინის გვერდით იქნება - კობა სუბელიანი 13.04.2021 14:35

უკრაინა რეალური ომის ზღვარზეა.  რამდენიმე კვირაა, რაც დონბასში ვითარება საკმაოდ დაძაბულია. უკრაინის ხელისუფლების  განცხადებით, სეპარატისტები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას სისტემატურად არღვევენ, რითაც, ქვეყანა მსოფლიო ყურადღების ცენტრში მოექცა. უკრაინის მიმართ მხარდაჭერა არაერთმა ქვეყანამ გამოთქვა. ამ მხრივ, გამონაკლისი არც საქართველო ყოფილა.


უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, - ნიკოლოზ სამხარაძემ განცხადება გააკეთა. მან  პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე, უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.


„ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცველია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოსა და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

მიუხედავად ამ განცხადებისა, უკრაინისადმი მხარდაჭერის საკითხს, სოციალურ ქსელში პარტია "ნაციონალური მოძრაობაც" გამოეხმაურა. განცხადებაში საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლება მეგობარ ქვეყანას გვერდში, სათანადოდ არ უდგას.


 
„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლება კვლავ უმოქმედოა. უკრაინისთვის ამ მძიმე ვითარებაში საქართველოს მთავრობა უპასუხისმგებლოდ და არამეგობრულად იქცევა. ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები, ნაცვლად მაქსიმალური სოლიდარობისა და კოორდინაციისა, ისეთ დაბალ დონეზეა, რაც არასდროს ყოფილა. საქართველოს ელჩი უკრაინაში შიდა პოლიტიკური მიზეზებით წელიწადზე მეტი ვადით კონსულტაციებისთვის იყო გამოწვეული.


ჩვენ გვახსოვს საქართველოსთვის ურთულეს პერიოდებში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის უპირობო მხარდაჭერა - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღდეგ განხორციელებული სამხედრო ოპერაციების დროს, როგორც სამხედრო, ისე დიპლომატიური დახმარების კუთხით. არასოდეს დაგვავიწყდება უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თბილისში, მაშინ, როდესაც საქართველოს თავზე ჯერ კიდევ რუსული სამხედრო ავიაცია დაფრინავდა“,- ნათქვამია განცხადებაში.

 

უკრაინისადმი მხარდაჭერის აუცილებლობაზე „ჯორჯიან თაიმსთან“ ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრმა, - კობა სუბელიანმაც ისაუბრა.

 

„რასაც ვხედავ, არის ის,  რომ მსოფლიოა მობილიზებული უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთის წინააღმდეგ. ვფიქრობ, საქართველოც მათ გვერდით უნდა იყოს. იმედია, რუსეთს მიუჩენენ თავის ადგილს და არ გახდება საჭირო ამისათვის ომი და უბედურება“,- აღნიშნა სუბელიანმა ჩვენთან საუბარში.

 

რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის მძიმე ვითარებაში საქართველოსგან მხარდაჭერა და რა ფორმით შეუძლია ამის გამოხატვა საქართველოს ხელისუფლებას, ამ საკითხებზე „ჯორჯიან თაიმსს“  ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ბაკურ კვაშილავა ესაუბრა. მან ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, საქართველო და უკრაინა ერთად აღარ ჩანან, ეს კი "ქართული ოცნების" პოლიტიკის დამსახურებაა.

 

„საქართველო და უკრაინა ისე აღარ ჩანან ერთად, როგორც ეს ადრე იყო, მაგრამ, ეს ბოლო წლების მოვლენა არ არის. "ქართული ოცნების" ხელისუფლების მოსვლის დღიდან, რეალურად, ასეთი ტენდენცია შეინიშნებოდა. დღეს, თითქოს, განსაკუთრებული ხდებოდეს, - ამას ვერ დავეთანხმებოდი. ეს არის "ქართული ოცნების" ზოგადი პოლიტიკა“, - აცხადებს კვაშილავა.

 

ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოს, უკრაინისთვის მხოლოდ მორალური მხარდაჭერის გაწევა შეუძლია.

 

„საქართველოს მხრიდან მხარდაჭერა, უკრაინისთვის ცენტრალური მნიშვნელობის არ არის. ჩვენ, მათ, მხოლოდ, მორალური მხარდაჭერა შეგვიძლია შევთავაზოთ. მისთვის ცენტრალური მნიშვნელობის, უფრო დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა და მათგან ქმედითი ღონისძიებების გატარებაა. საქართველოსთვის, ამ პერიოდში, რთულია რუსეთი ღიად და გამოკვეთილად გააკრიტიკოს, მაგრამ, როდესაც ჩვენს ქვეყანას თავისი პოზიციის დაფიქსირება მოუწევს, რა თქმა უნდა, უკრაინას მხარი უნდა დაუჭიროს. თუმცა, სანქციების თაობაზე ინიციატივით გამოსვლა და ა.შ, მგონია, რომ საქართველოს როლი არ უნდა იყოს“, - დასძენს ის. 


კითხვაზე, - რა ფორმით შეუძლია საქართველოს უკრაინისათვის თანადგომის გამოხატვა, - ბაკურ კვაშილავა გვპასუხობს:


„როდესაც  საქმე შეეხება ვთქვათ, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას, რომელზეც,  ჩვენი ქვეყნის მთავრობას ლაპარაკი უწევს, ამ დროს, ურიგო არ იქნებოდა ყირიმის ოკუპაციაც და ლუგანსკსა და დონეცკში არსებული მოვლენებიც აღინიშნოს. ცალკე, საქართველოსგან ოფიციალური განცხადებების გაკეთება, რომელიც, მას არ შეეხება და მესამე ქვეყნებს შეეხება, მაგალითად, - რუსეთსა და უკრაინას, - ისეთი ზომის და შესაძლებლობების ქვეყნისთვის,როგორც საქართველოა, საერთაშორისო ურთიერთობებში მიღებული პრაქტიკა არ არის,-განაცხადა კვაშილავამ.

ავტორ(ებ)ი : geotimes.ge

ბოლო სიახლეები