დღე: 16

ღამე: 11

USD 2.6797

EUR 2.8684

საქართველო არცახის მესამე ომის კონტექსტში: ცვლილებები გარდაუვალია? 05.05.2021 13:50

 

სომხეთის რუსულენოვან გაზეთ „გოლოს არმენიი“-ში («Голос Армении») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველო არცახის მესამე ომის კონტექსტში: ცვლილებები გარდაუვალია?“, რომელშიც სამხრეთ კავკასიაში საქართველოს როლი, მისი რეგიონული საგარეო პოლიტიკა, მეზობლებთან ურთიერთობა და თბილისი წინაშე მდგარი ახალ გამოწვევებია გაანალიზებული (ავტორი - ბოგდან ათანესიანი).


გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:


„მოხდა ისე, რომ მსოფლიომ, სომხეთისა და აზერბაიჯანის „წყალობით“, რატომღაც დაივიწყა, რომ რეგიონში კიდევ ერთი რესპუბლიკა არსებობს - საქართველო. არადა, იყო დრო, როცა თბილისი, თავისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტიურობით მეზობლებს - ერევანს და ბაქოს ჩრდილში აყენებდა. არცთუ ისე შორეულ წარსულში საქართველო ე.წ. „პროგრესული კაცობრიობის“ ყურადღების ცენტრში იყო, რადგან იქ რეგიონის პოლიტიკური კლიმატი ყალიბდებოდა, რადგან იქ გენერირდებოდა პოსტსაბჭოთა მემკვიდრეობის ლიბერალიზების ყველაზე წარმატებული ტრენდები. სწორედ საქართველოდან ხდებოდა დასავლურ ღირებულებათა სისტემის ტრანსლირება არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ უფრო ფართო ტერიტორიისთვისაც.


მაგრამ რეგიონში მოხდა და დღესაც ხდება ისეთი მასშტაბური რყევები, რომ თბილისი იძულებულია შეურიგდეს ინტერესის დაცემას დასავლელი მეგობრების მხრიდან. უფრო მეტიც - საქართველოს, ალბათ, მოუწევს საერთოდ უარი თქვას თავის - როგორც მატრიცის - როლზე ანტირუსული დემოკრატიისათვის, რომელიც ქვეყანას მრავალი წლის მანძილზე „კვებავდა“. ახალ გარემოებების პირობებში რუსეთთან მტრული დამოკიდებულება საქართველოსთვის არამარტო არარენტაბელურია, არამედ [მოსკოვისადმი არამეგობრულმა] მიდგომამ შეიძლება ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი სიღატაკემდეც მიიყვანოს: პანდემიამ ტურისტული სფეროს სტაგნაცია გამოიწვია და თუ ქართველები რუსეთს კვლავ „მჟავე სიფათით“ შეხედავენ იმის ნაცვლად, რომ სხვადასხვა პროექტების პარტნიორულად განიხილონ, ეს თბილისისთვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.


ანტირუსული ისტერიკის მოდა თბილისს ნელა, მაგრამ მაინც ტოვებს - ამ მხრივ მთავარი ცენტრები უკვე კიევში, ვარშავაში და ბალტიისპირელთა დედაქალაქებშია. ქართველი თანდათან ხვდება იმას, რომ ანტირუსული და რუსოფობური კამპანიის დროს მას მხედველობიდან გამორჩა, თუ როგორ ძლიერდებოდა თურქულ-აზერბაიჯანული პოლიტიკურ-ეკონომიკური ექსპანსია და ახლა ანკარა-ბაქოს ტანდემის გავლენის („მგუდავი ხვევნის“) დასაბალანსებლად მხოლოდ რუსეთის ფაქტორიღა რჩება.


რასაკვირველია, ბოლო პერიოდში, 2019 წლიდან მომხდარი მოვლენების ფონზე, როცა „იმ ჭაში აფურთხებდნენ, საიდანაც წყალს სვამდნენ“, ძნელია სიტუაციის გამოსწორება, მაგრამ საქართველოს მოსკოვთან დიალოგის აწყობა მაინც მოუწევს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ორი მეზობელი შთანთქავს - ჯერ ეკონომიკური, შემდეგ კი პოლიტიკური თვალსაზრისით.


ბოლო დრომდე საქართველო მოთმინებით იტანდა აშკარა დამცირებას ანკარა-ბაქოს მხრიდან: ეკონომიკური დიქტატი, აჭარის თურქიზაცია, „ბორჩალოელი აზერბაიჯანელების“ პოლიტიკური გააქტიურება, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებასთან დაკავშირებული დავა - ას ყველაფერი თბილისი, მართალია, კბილების კრაჭუნით, მაგრამ მაინც იძულებული იყო მოეტმინა და პირზე დიპლომატიური ღიმილი შეენარჩუნებინა. ახლა კი, როცა არცახის მესამე ომის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსი თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის სასარგებლოდ შეიცვალა, თბილისი უკვე მწვავე დისკომფორტს განიცდის და არავინ იცის იცის, გაუძლებს თუ არა საქართველო თურქულ ექსპანსიას.


დასავლეთის ინტერესი ბოლოს დროს საქართველოს პრობლემების მიმართ საკმაოდ გაცივდა. მართალია, წინა წლების ევროპულ-ამერიკული კავშირების ინერცია ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ აშკარა ხდება, რომ თურქულ ძალის შეჩერება თბილისს უჭირს. რჩება რუსეთი, რომელსაც დიდსულოვნად შეუძლია ძველი წყენების დავიწყება და თურქულ-აზერბაიჯანული ტანდემის მზარდი მადის განელება.


გარდა ამისა, არცახის ომის შემდეგ ანკარამ და ბაქომ აქტიურად დაიწყეს ყბადაღებული „ზანგეზურის (მეგრის) დერეფნის“ რეკლამირება, რომლის რეალიზება საქართველოსთვის წამგებიანი იქნება - თბილისი ძირითადი საკომუნიკაციო მარშრუტების („აბრეშუმის ახალი გზის“) მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს. ალბათ, ეს გარემოება საქართველოს იძულებულს გახდის თურქულ-აზერბაიჯანული პროექტის ალტერნატივა ეძებოს. საქმე ეხება აფხაზეთის რკინიგზის რეანიმაციას, რომელიც სამხრეთ კავკასიას რუსეთთან აკავშირებდა. სხვაგვარად შეუძლებელი იქნება „ჩრდილოეთ-სამხრეთის“ პროექტის რეალიზება, რომელსაც დღეს ირანი და ინდოეთი ლობირებს.


ამ ეკონომიკურ პროგრამაში საქართველოსა და სომხეთს განსაკუთრებული როლი აქვს მიკუთვნებული, მაგრამ საქმე ისაა, რომ თბილისი დიდ მოგებას მხოლოდ მოსკოვთან და ერევანთან კოოპერაციით მიიღებს. ამისთვის საქართველომ მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს და თავი აარიდოს თურქულ-აზერბაიჯანულ ინვესტიციებს, უნდა განაცალკევოს პოლიტიკური და ეკონომიკური კომპონენტები აფხაზეთის პრობლემაში. მოკლედ, ამჟამად საქართველოს ძალიან ჭირდება პრიორიტეტების გადაფასება ახალ გეოპოლიტიკურ ვითარებასთან ადაპტაციისათვის.


ქართული საზოგადოება ჯერ სიფრთხილეს იჩენს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მისი ტრანსფორმაცია არ ხდება. ბოლო დროს საქართველოში „ცვლილებების ქარმა დაუბერა“: ქვეყანას პოლიტიკური კრიზისის შედეგად ახალი მთავრობა ჰყავს, მაგრამ აშკარაა, რომ მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ სოციალურ-ეკონომიკური ჩავარდნების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის „თურქოფილურმა პარტიამ“ (როგორც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უწოდებენ), რევანშის აღება მაინც ვერ შეძლო. პარალელურად მატულობს იმ პოლიტიკური ძალებისადმი უნდობლობა, რომლებიც მეტ-ნაკლებად „დამნაშავენი არიან“ საქართველოზე თურქულ-აზერბაიჯანული გავლენის გავრცელებაში. დაიწყო საპროტესტო აქციები თურქული კომპანიის მიმართ, რომელიც მდინარე რიონზე ნამახვანის ჰესის კასკადი უნდა ააშენოს. ამ მხრივ საყურადღებოა აგრეთვე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციასთან დაკავშირებული სკანდალი, რომელიც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის კუთვნილებას უკავშირდება. ექსპერტების თქმით, ამ სადაო საკითხის საფუძველი უფრო მეტად საშინაო-პოლიტიკურია, ვიდრე საგარეო-პოლიტიკური (მმართველ პარტიას სურს მიხეილ სააკაშვილს ძირი გამოუთხაროს, რადგან სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს ხდებოდა „ტერიტორიული დათმობები“), მაგრამ თუნდაც ეს ჭეშმარიტებას შეესაბამებოდეს, ამით სიტუაცია არ იცვლება: საქართველოს აზერბაიჯანისთვის არცერთი მტკაველი მიწის დათმობა არ სურს და მზადაა სერიოზულად იბრძოლოს.


აშკარაა, რომ საქართველოში ნამდვილად შეიმჩნევა თურქულ-აზერბაიჯანული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული სერიოზული განაცხადი. საზოგადოებას თურქულ-ისლამური ექსპანსიისადმი შიში აქვს და მოდის დრო, რომ ამის კონვერტაცია პოლიტიკურ რეაქციაში მოხდეს. ეს სერიოზული გამოწვევაა და თბილისი მის გამკლავებას, როგორც არ უნდა იტრიალოს,  რუსეთთის მხარდაჭერის გარეშე მაინც ვერ შეძლებს.


რა იქნება შემდეგ? ამას დრო გვიჩვენებს. საქართველოში დუღილი გრძელდება, ქართული საზოგადოების ცნობიერება ტრანსფორმაციას განიცდის, ქვეყანა თვალდათვალ იცვლება. ამ ყველაფერს, ალბათ, ყველაზე ზუსტი შეფასება თვითონ თურქეთის ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა მისცა: „მე ვეღარ ვცნობ იმ საქართველოს, რომელიც ჩვენს მიმართ ძმურად იყო განწყობილი...“.


წყარო: https://golosarmenii.am/article/116692/gruziya-v-kontekse-tretej-arcaxskoj-vojny-peremeny-neizbezhny


მოამზადა - სიმონ კილაძემ

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები