შუა აღმოსავლეთში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო იძაბება. მიზეზი ისრაელისა და ღაზას სექტორის სარაკეტო იერიშებით დაპირისპირებაა, რაც ათობით მშვიდობიანი მოსახლის დაღუპვას იწვევს.
ისრაელსა და პალესტინას შორის დაპირისპირება უკვე ათწლეულებია გრძელდება. კონფლიქტი უკიდურესად გამწვავდა მას შემდეგ, რაც ისრაელის მთავრობამ გადაწყვიტა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან პალესტინელთა ოჯახების გასახლება.
ისრაელის არმიის და „ჰამასის“ შეიარაღებული დაპირისპირების პარალელურად, ისრაელის რამდენიმე ქალაქში შეტაკებები ადგილობრივ არაბებსა და ებრაელებს შორის დაიწყო. ამის შემდეგ კი, ორ მხარეს შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამძაფრდა.
ბოლო დღეებში, ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1 500-მდე რაკეტა ისროლეს.
აღნიშნული რაკეტებიდან 400 ანკლავის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, საჰაერო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათმა“ კი, ისრაელისკენ გასროლილი რაკეტების თითქმის 90% გაანეიტრალა.
ამ სამ დღეში ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა კი, ღაზის სექტორში 350-მდე სამიზნე დაბომბეს.
ისრაელი აცხადებს, რომ იერიშების შესახებ ღაზას სექტორის მშვიდობიან მოსახლეობას წინასწარ აფრთხილებს, რათა მათ ევაკუაცია შეძლონ, თუმცა, პალესტინელი მედიკოსების ინფორმაციით, მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 10 მაისის შემდეგ, ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, ღაზას სექტორში დაღუპულია სულ მცირე 67 ადამიანი, - მათ შორის 17 ბავშვი. დაჭრილია 388. ისრაელის მონაცემებით კი, დაღუპულია 7 და დაჭრილია 100-მდე ადამიანი.
ისრაელსა და პალესტინას შორის არსებული სიტუაცია საკმაოდ კრიტიკულია. დღეს კიდევ გაგრძელდა დაბომბვა და უკვე, ისრაელიც მზად არის გადავიდეს კონკრეტულ სამხედრო ოპერაციაზე, - ამის შესახებ „ჯორჯიან თაიმსთან“ საუბარში სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია აცხადებს.
მისი თქმით, ეს მოვლენები ახალი არ არის, თუმცა, ამან უკვე სერიოზული კომფრონტაციული სახე მიიღო.
„ამ დაპირისპირებისთვის, როგორც ჩანს, კარგა ხანია ემზადებოდნენ, რადგან, ის ძალიან კარგადაა ორგანიზებული. ისრაელის სხვადასხვა ქალაქების მიმართ 1200 რაკეტა გაუშვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი ხნის წინ დაიწყეს მზადება.
სანამ ეს არეულობა დაიწყებოდა, თუ არ ვცდები, წითელ ზღვაში ამერიკულმა სამხედრო გემებმა ერთ-ერთი გემი დააკავეს, სადაც ჩინური და რუსული ცეცხლსასროლი იარაღის დიდი რაოდენობა აღმოაჩინეს. არ გამოვრიცხავ, რომ ეს იარაღი ჰამასის დაჯგუფების მხარდასაჭერად მიდიოდა,“- განმარტავს ექსპერტი.
ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს, რომ ამ დაპირისპირებამ ლოკალური ომის სახე მიიღოს და უფრო მეტიც, შესაძლოა რეგიონულ ომშიც გადაიზარდოს.
„როგორც ჩანს რუსეთი, თურქეთი და ირანი ისრაელის წინააღმდეგ გაერთიანდა, ამერიკა და ევროპის ქვეყნები კი ისრაელის მომხრეები არიან. ამის ფონზე, ორივე მხარეს მშვიდობიანი მოქალაქეები იღუპებიან. ეს კი დიდი ტრაგედიაა.
თუ დაპირისპირება ასე გაგრძელდება, შესაძლოა ლოკალური ომის სახე მიიღოს და ირანსა და ისრაელის შორის კონფლიქტში გადაიზარდოს. ირანი უკვე მიებჯინა და მიუახლოვდა ისრაელს. თუ ადრე მათ შორის დისტანცია იყო, დღეს უკვე ირანი იმყოფება სირიასა და ლიბაანში. ფაქტობრივად ისინი ემიჯნებიან ისრაელს და ასე ირანს თავისუფლად შეუძლია მისწვდეს ისრაელს.
პალესტინელებმა ისეთი წინადადება წამოაყენეს, ვითომ პალესტინის სახელმწიფოს აღიარება უნდა მოხდეს. ეს კი, უკვე პალესტინელების სამხედრო შეიარაღებული აჯანყებაა ისრაელის წინააღმდეგ.
ვფიქრობ, დიდი ალბათობით ირანი ჩაებმება ამ დაპირისპირებაში და ამას ლოკალური სახე მიეცემა. იმედია, ეს შეტაკება რეგიონულ კონფლიქტში არ გადაიზრდება,“ - აცხადებს ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბარში.
ორივე მხარემ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. აღნიშნულ საკითხში ეგვიპტეც ჩაერთო, თუმცა - უშედეგოდ. პალესტინა და ისრაელიც სამხედრო ძალების კონსერვაციას და მის განვითარებას განაგრძობს.
„აღმოსავლეთი მსოფლიო პოლიტიკაზე ყოველთვის დიდ გავლენას ახდენდა. შესაძლებელია ისლამურმა სახალიფომაც თავი წამოყოს და ეგვიპტესა და სირიაში გააქტიურდეს, რაც საყურადღებო მომენტია. შესაძლოა ასევე, ამერიკისა და რუსეთის დაპირისპირებაც, რადგან, რუსეთი პალესტინას უჭერს მხარს და ამერიკა - ისრაელს. თურქეთი პალესტინის მხარესაა და ერდოღანმა ტერორისტული ქვეყანა უწოდა ისრაელს,“- აღნიშნა ექსპერტმა.
კითხვაზე, როგორი უნდა იყოს საქართველს პოზიცია, ვახტანგ მაისაია გვპასუხობს, რომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ, დაიწყოს მოლაპარაკებები და არცერთ მხარეს მშვიდობიანი მოსახლეობა არ დაიღუპოს. "მოვუწოდოთ ორივე მხარეს, რომ შეწყდეს მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები. მხოლოდ ერთი მხარის მოწოდება და მხარდაჭერა სწორად არ მიმაჩნია. ისრაელიც ჩვენი სტრატეგიული მეგობარია და ირანთანაც კარგი ურთიერთობა გვაქვს,“ - აცხადებს ექსპერტი.
/ ნინო ოთარაშვილი /
ავტორ(ებ)ი : Geotimes.com.ge