დღე: 29

ღამე: 13

USD 2.676

EUR 2.8713

დავით კაკაბაძე-დიდი ქართველი მხატვარი, მოაზროვნე და გამომგონებელი 20.08.2021 20:26

1921 წლიდან, სხვა ქართველ მხატვრებთან ერთად, პარიზში ‘”დამოუკიდებელთა სალონის’” (Salon des indépendants) ყოველწლიურ გამოფენებში იღებდა მონაწილეობას, კითხულობდა ლექციებს ხელოვნების საკითხებზე, აქვეყნებდა თეორიულ ნაშრომებს (ქართულ და ფრანგულ ენებზე). ამავე პერიოდში მხატვარი გამუდმებით ფიქრობდა სამგანზომილებიანი კინოს შექმნაზე. 1922 წელს კი შექმნა უსათვალო სტერეო-აპარატი, რისთვისაც პატენტები აიღეს ამერიკიდან და ევროპის მრავალი ქვეყნიდან. ცნობილია, რომ გამოგონების სრულყოფისათვის სააქციო საზოგადოებაც შეიქმნა, რომელსაც კაკაბაძისთვის ტექნიკური აპარატის შექმნისა და პირველი გამოსახულებების მიღების საშუალება უნდა მიეცა, თუმცა, არასაკმარისი დაფინანსების გამო, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა.

 

1926 წელს, დავით კაკაბაძის ნამუშევრები გამოიფინა საფრანგეთში, დამოუკიდებელთა გამოფენაზე. სწორედ, აქ აღმოაჩინა ის ამერიკელმა მხატვარმა და მეცენატმა - ქეთრინ დრაიერმა. რომლის დამსახურებითაც, კაკაბაძის ნამუშევრები მოხვდა ნიუ-იორკში, ბრუკლინის მუზეუმში, წამყვან მოდერნისტ მხატვრებთან ერთად.

 

ბრუკლინის მუზეუმის გამოფენა 1926 წლის ნოემბერში გაიხსნა და 1927 წლის იანვარში დაიხურა. რის მერეც კაკაბაძე გასაბჭოებულ სამშობლოში დაბრუნდა.

 

საბჭოთა კავშირი ის ფენომენი იყო, რომელიც ყოველგვარ თანამედროვეობას კრძალავდა. მისთვის კაკაბაძისეული ინოვაციები სოციალისტური იდეის შელახვად მიიჩნეოდა.

1928 წელს თბილისში პარიზიდან დაბრუნებული დავით კაკაბაძის პერსონალური გამოფენა გაიმართა. პარიზში შექმნილი ნამუშევრების უმეტესობა აბსტრაქტული იყო, რის გამოც დამთვალიერებლებში დაბნეულობა გამოიწვია. საბჭოურმა კრიტიკამ, რასაკვირველია, ვერ აიტანა სოცრეალიზმის ჩარჩოებიდან გადახვევა და იმედოვნებდა, რომ კაკაბაძე თანამედროვე გზით აღარ გააგრძელებდა თავის შემოქმედებას. ��სასტუმრო “ორიენტში” მოწყობილი პერსონალური გამოფენის შემდეგ კაკაბაძეს 1933 წლამდე არც ერთი ნამუშევარი აღარ შეუქმნია, რასაც თავად “დუმილის პერიოდს” უწოდებდა.

 

საბოლოოდ, მხატვარი იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო. მან 1933 წელს ნამუშევარი “რიონჰესი”, შემდეგ კი ინდუსტრიული პეიზაჟები შექმნა.

 

1943 წლიდან კაკაბაძე სამხატვრო აკადემიის პროფესორი გახდა, თუმცა 1948 წლის 12 ივნისის, იგი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მას მომავალი თაობების იდეოლოგიურად გაფუჭებასა და სოციალისტური აღზრდის მეთოდის უგულებელყოფაში ადანაშაულებდნენ. ამის შემდეგ დავით კაკაბაძე წლების განმავლობაში უმუშევარი იყო, 1952 წლის 10 მაისს კი მოულოდნელად გარდაიცვალა.

 

„ყოველი ნაწარმოების სიკარგე, ეს იქნება რეალისტური თუ აბსტრაქტული ხელოვნება, ან ორნამენტი, ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც გამოსახულია ზედაპირზე, დამოკიდებულია იმაზე, იძლევა თუ არა იგი მაყურებელზე სივრცის განცდის შთაბეჭდილებას. სივრცის განცდა არის ერთი მთავარი დამახასიათებელი ხელოვნებისა. თუ ხელოვნების ნაწარმოები ვერ იძლევა სივრცის განცდას, ის არც არის ხელოვნების ნაწარმოები.“ - დავით კაკაბაძე.

ავტორ(ებ)ი : geotimes.com.ge

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ