დღე: 8

ღამე: 1

USD 2.8021

EUR 2.9142

"სააკაშვილს უნდა მიესაჯოს სამშობლოდან სამუდამოდ განკვეთა"

"ჯორჯიან თაიმსის" ბლოგი


ავტორი: დავით ზარდიაშვილი

 

სააკაშვილის უჩვეულოდ უცნაური პრეცედენტიდან გამომდინარე, ხანდახან მგონია, რომ სულაც არ იქნება დაუშვებელი, რომ მოქმედმა სამართალმა გაითვალისწინოს სასჯელის ის ტრადიციული სახეობა, როგორიცაა - განკვეთა. 

 

პატიმრობა, როგორც სასჯელი, სააკაშვილის მიმართ, ამ კაცის ანტი-სამართლებრივი ბუნების, სრულიად გამაოგნებელი  პიროვნული უსჯულო თვისებებიდან გამომდინარე, მართლაც არაადეკვატურია. უწინარესად იმიტომ, რომ შეუძლებელი ხდება ამ სასჯელის ისე  აღსრულება, რომ   მნიშვნელოვანი ზიანი არ მიადგეს სახელმწიფოსა და საზოგადოებას. ასეთი ზიანი გახლავთ მრავალმხრივი - ეს პატიმარი მუდმივი დესტაბილიზაციის წყაროა, განუწყვეტლივ იწვევს საზოგადოებრივ მღელვარებას, არეულობას, სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ინსტიტუტების (მაგ. სამკურნალო დაწესებეულებების) მატერიალურ თუ  რეპუტაციულ ზიანს; რაც მთავარია:  ის კანონიერი მიზნები, რაც სასჯელით უნდა იქნეს მიღწეული - ამ სრულიად უსჯულო კაცის მიმართ პრინციპულად მიუღწევადია. სააკაშვილი, როგორც დამნაშავე, საზოგადოებისგან ვერც იზოლირებულია და პატიმრობაში მყოფიც კი, არსებით საშიშროებას წარმოადგენს, რადგან ფაქტობრივად - მისი განგრძობადი დანაშაულებრივი საქმიანობის აღკვეთა ვერ ხერხდება. უარესიც: ეს პატიმრობა და პატიმრის "ჯანმრთელობის მდგომარეობა" გამოიყენება ახალი დანაშაულის - სახელმწიფოსა და საზოგადოების შანტაჟის ისეთ მრისხანე მედია-იარაღად, რასაც თითქოსდა ვერაფერს დაუპირისპირებ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ არანაირი შანსი არ არსებობს, მან ოდესმე მსჯავრი ჯეროვნად მიიღოს, იმას შეეგუოს, რომ მის მიმართ სამართალი სამართლიანად ხორციელდება და ამდენად, მის დასჯას არც ამ თვალსაზრისით აზრი არა აქვს. სააკაშვილი და მისი უსჯულება, ანუ - ანტი-სამართლებრივი ბუნება,  გამოუსწორებელია. სწორედ ამ დროს, ასეთ შემთხვევებში ტრადიციული ქართული სამართალი იყენებდა - განკვეთას, რაც სასჯელის ერთ-ერთი უმაღლესი ზომა გახლდათ (სიკვდილით დასჯა გაუქმებული იქნა თამარ მეფის დროს) და ფაქტობრივად, სამოქალაქო სიკვდილს უტოლდებოდა. რასაკვირველია, დღეს ასეთი სასჯელი უჩვეულოდ და გაცილებით არაჰუმანურად, ვიდრე პატიმრობაა, საფუძვლიანადაც  მიიჩნევა, მაგრამ , ვგონებ, სააკაშვილის პრეცედენტი - საპირისპიროს ამტკიცებს. 

 

დიახაც: სააკაშვილს უნდა მიესაჯოს სწორედაც სამშობლოდან სამუდამოდ განკვეთა. რას გულისხმობს და როგორ აღსრულდება ეს სასჯელი? განკვეთა ნიშნავს, რომ საქართველოს იურისდიქციაში იგი სუბიექტად აღარ განიხილება, აყრილი აქვს ყველა უფლება და ეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ფიზიკურად ყოფნა, ხოლო ნებისმიერს, ვინც საქართველოს იურისდიქციაშია,  მკაცრი სასჯელის მუქარით ეკრძალება მისი სახელის საჯაროდ ხსენება და მასთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაციის, მიუხედავად შინაარსისა, გავრცელება. ყველასთვის აკრძალულია მასთან ნებისმიერი სახის ურთიერთობა. ელექტრონული თუ ბეჭდური ინფორმაცია, სადაც მისი სახელი უკვეა გამოყენებული, შეზღუდვას ექვემდებარება, ხოლო აუცილებელი საჭიროებისას იგი მოიხსენიება, როგორც "განკვეთილი". ამ აკრძალვების დამრღვევს - ემუქრება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა, მათ შორის - ქონების კონფისკაციაც. ტექნიკურად და ტექნოლოგიურად - განკვეთის ფიზიკურად აღსრულება თანამედროვე პირობებში იოლი შესასრულებელია. სააკაშვილის ორგანიზმში მის გაძევებამდე იმპლანტირებული იქნება სპეციალური მოწყობილობა და პრეპარატი, რომელიც, თუკი იგი გაბედავს და საქართველოს საზღვრებს გადმოლახავს, მყისიერად ავტომატურად ამოქმედდება და ორგანიზმის  დამბლას (სიკვდილს არა) განაპირობებს. დაე იცოცხლოს. ეგდოს საქართველოს გარდა სადაც სურს, ოღონდ განკვეთილად და ისე, რომ ყველა ძაფი, რაც საქართველოსთან აკავშირეს უნდა ერთხელ და სამუდამოდ გაწყდეს. 

 

მესმის, რომ თანამედროვე ლიბერალურ-დემოკრატიაში საკითხის ასე დაყენება თითქოსდა  არასერიოზულია, მაგრამ - სააკაშვილის უღირსებო პიროვნებიდან გამომდინარე, მგონი,  მაინც ღირს დაფიქრებად!

ბოლო სიახლეები