აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ ნებისმიერი ინფორმაციისთვის, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობაში დამნაშავე პირის დაკავებაში დაეხმარებათ, 100 000 დოლარის ღირებულების ჯილდო დააწესა. აღნიშნულის შესახებ „ბიბისი“ წერს.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯილდო იქნება „ინფორმაციისთვის, რომელიც ჩარლი კირკის მკვლელობაში დამნაშავე პირის/პირების იდენტიფიცირებასა და დაკავებას შეუწყობს ხელს“.
როგორც „ბიბისი“ წერს, დილის მონაცემებით, საზოგადოებისგან 130 შეტყობინება მიიღეს, თუმცა მკვლელობაში დამნაშავე ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
მანამდე აშშ-ის ფედერალურმა ბიურომ გაავრცელა ფოტოები, რომელზეც, სავარაუდოდ, კონსერვატორი კომენტატორის, ჩარლი კირკის მკვლელია ნაჩვენები. ჩარლი კირკს, რომელიც დონალდ ტრამპის აქტიური მხარდამჭერი და მისი საპრეზიდენტო კამპანიების მონაწილე იყო, გუშინ, იუტა ველის უნივერსიტეტის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ესროლეს. მას იარაღიდან ნასროლი ტყვია ყელის არეში მოხვდა და საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მალევე დაიღუპა. კირკის მკვლელობას დონალდ ტრამპმა ამერიკისთვის ბნელი მომენტი უწოდა.
ავტორ(ებ)ი :