საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი ნატო-ს წევრობისთვის, ბურთი არის სრულად ალიანსის ტერიტორიაზე, კითხვების დასმა უნდა დასრულდეს -შალვა პაპუაშვილი 25.11.2025 13:25

ვხედავთ, ვიღაცას აწყობს, საქართველო იქნება თუ უკრაინა, ჰყავდეს შუაში გაჭედილი, არც იქით, არც აქეთ, რაც უფრო ზრდის უსაფრთხოების რისკებს, ვიდრე ამცირებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში აქვს ჩაწერილი ნატო-ს წევრობის საკითხი.

„ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი ამგვარი განცხადებების მიმართ, ქართველი ხალხი ხედავს, რასთან გვაქვს საქმე. 2008 წელს თქვეს, რომ კარები ღიაა, იმის შემდეგ 17 წელი გავიდა. საქართველომ გააკეთა ყველაფერი, როგორც ინსტიტუციურიად, ისე სამხედრო დაახლოების კუთხით, ომებში შესვლისა და ბრძოლის კუთხით ნატო-ს ჯარისკაცების მახარდამხარ. ბატონი რუტე რომელი ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო, იმ ქვეყანაზე 10-ჯერ მეტი კონტინგენტი გვყავდა ავღანეთში გაგზავნილი. ასე რომ, ჩვენკენ თითის გამოშვერას და კითხვების დასმა უნდა დასრულდეს. ქართველი ხალხი აღარ არის მიამიტი, რომ თითის გამოშვერა აიტანოს. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, რომ იყოს ნატო-ს წევრი, არათუ სურვილი, კონსტიტუციაში გვაქვს ჩაწერილი ეს საკითხი. მათ შორის უკრაინის მაგალითზე ვხედავთ, ნატო-ს გარშემო რა დისკუსიები იყო. 2022 წელს, როცა ომი იწყებოდა, პრეზიდენტი ზელენსკი გამოვიდა და თქვა, ბოლოს და ბოლოს გაგვაგებინეთ, გვიღებთ თუ არა ნატო-ში, თუ არ გვიღებთ, გვითხარით და განვაცხადებთ ჩვენც, იქნებ, ერთი დაძაბულობის საკითხი მოიხსნას. თუმცა, არც ხო უთხრეს და არც არა. ბურთი არის სრულად ნატო-ს ტერიტორიაზე. საქართველოს გაკეთებული აქვს ყველაფერი, მათ შორის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობით, საქართველოს სამხედრო კონტინენტის 70%-ს სხვადასხვა ფორმით აქვს მონაწილეობა მიღებული მისიებში, სწავლებებში და ა.შ. როგორც თავსებადობით, ასევე ინსტიტუციურად, ყველა საკითხით ნატო-ს წევრ 7-8 ქვეყანას ვუსწრებთ ყველა პარამეტრით. ქართველი ხალხი მიამიტი აღარ არის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ საქართველოს საკითხზე საუბრისას განაცხადა, რომ „ევროატლანტიკურ სივრცეში ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც ასევე შეიძლება, გახდეს ნატო-ს წევრი, შეუძლია, სურვილი გამოთქვას და შემდეგ არსებობს პროცესი“.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ