02.12.2025 09:21
ევროკომისიის მიერ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტისთვის „ორმხრივი ინტერესის პროექტის" სტატუსის მინიჭებას საქართველოს ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი დავით მირცხულავა ეხმაურება.
მირცხულავას თქმით, ქართული პროექტისა და იდეისთვის აღნიშნული სტატუსის მინიჭება ქვეყნის დიდი გამარჯვებაა.
„დიდი გამარჯვებაა ჩვენი ქვეყნის და განსაკუთრებით ვულოცავ ყველა ენერგეტიკოსს, ქართულმა პროექტმა და იდეამ: შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის (BSSC) პროექტმა დღეს მიიღო ევროკავშირის ურთიერთინტერესის პროექტის (Project of Mutual Interest (PMI)) სტატუსი!!!", - წერს დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს (BSSC), რომელმაც საქართველოსა და ევროპის ელექტროენერგეტიკული სისტემები უნდა დააკავშიროს, ევროკომისიამ „ორმხრივი ინტერესის პროექტის" (PMI) სტატუსი მიანიჭა. როგორც ევროკომისიაში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსის მქონე პროექტები ევროკავშირის დაფინანსების მიღებას შეძლებენ და დაჩქარებული ნებართვის გაცემისა და დაჩქარებული მარეგულირებელი პროცედურებით ისარგებლებენ, რაც მათ რეალიზაციასა და დროულ მიწოდებას შეუწყობს ხელს.
შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის თანახმად, 1155 კილომეტრი სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება, რაც სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და რუმინეთს საშუალებას მისცემს, ისარგებლონ გაფართოებული საექსპორტო შესაძლებლობებით და ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით, განახორციელონ ელექტროენერგიით ვაჭრობა.
ავტორ(ებ)ი :