აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული -გეკა გელაძე 02.12.2025 13:40

აქციების დროს ჯანმრთელობისთვის საშიში არანაირი ნივთიერება არ ყოფილა შსს-ს მხრიდან გამოყენებული, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

 გეკა გელაძეს ჟურნალისტმა ჰკითხა, 2024 წლის აქციებზე წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გარდა, იყო თუ არა რაიმე სხვა გამოყენებული.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა, ისაუბრა. ყველა ნივთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვადასხვა აქციის დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი სხვადასხვა მსხვილი კომპანიების მხრიდან, რომლებიც აპრობირებულია ყველა წამყვან ქვეყანაში, - განაცხადა გეკა გელაძემ.

გეკა გელაძეს ასევე კითხვა დაუსვეს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებაზე, სადაც გომელაურმა აღნიშნა: „ნივთიერებებს, რომელზეც არის საუბარი, შსს 2012 წლამდე იყენებდა, შემიძლია, მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ „ნაცებმა" კატა გამოთხარეს".

„ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა - 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერება შესყიდული. გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი", - განუცხადა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს.

ამასთან, გეკა გელაძის განცხადებით, საქართველოში არასდროს შესყიდულა ნივთიერება „კამიტი" და შეუძლია, ყველა დოკუმენტაცია გადასცეს გამოძიებას.

„რამდენიმე ადამიანმა ერთმანეთში იჭორავა და ამაზე რაღაც პროცესები აიგო. კიდევ ერთხელ დარწმუნებით, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არ არსებობს საქართველოში, არასდროს შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება, ე.წ. კამიტი. ყველა დოკუმენტაცია შემიძლია, გადავცე გამოძიებას. 2009 წელს იყო სხვადასხვა სახის რამდენიმე ნივთიერება შესყიდული და არა „კამიტი", - განაცხადა გეკა გელაძემ.

ცნობისთვის BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს". კერძოდ, BBC პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. BBC-ის მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს". ამასთან, BBC-ის ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".

ამასთან, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ