02.12.2025 18:39
11-წლიან სწავლებაზე ჩვენ გადავდივართ 2027-2028 სასწავლო წლიდან. ის მოსწავლეები, რომლებიც ახლა მე-9 კლასში სწავლობენ, დაამთავრებენ 11-წლიან სასწავლო პროცესს, - განაცხადა „დღის ქრონიკაში" საქართველოს განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
მინისტრის თქმით, ვისაც სურვილი ექნება მეთორმეტე კლასშიც ისწავლოს, ყოველი წლის მარტში გაიხსნება სარეგისტრაციო პორტალი, სადაც მსურველებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ, შემდეგ კი იმის მიხედვით თუ რამდენი დარეგისტრირდება, კონკრეტულ საშუალო სკოლებში მეთორმეტე კლასს გახსნიან.
„რაც შეეხება 11-წლიან კომპონენტს, აქ ჩვენ სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ, რომ გვექნება ისეთი სასწავლო პროგრამები, რომელიც სრულფასოვნად უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიღებას 11 წლის განმავლობაში. მე-12 კლასის თემასთან მიმართებაში, ვნახეთ რომ კონკრეტული ჯგუფების მიერ მიზანმიმართული მანიპულაციის საგნად იყო გამოყენებული, რომლებიც მიზანმიმართულად ცდილობდნენ საზოგადოება შეცდომაში შეეყვანათ. ჩვენ ვუსმენთ საზოგადოებას, ვუსმენთ მისი მხრიდან გამოთქმულ კონკრეტულ წინადადებებს, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნებაყოფლობიდობის კომპონენტიდან გამომდინარე, ჩვენ მივცემთ საშუალებას, რომ ყოველი წლის მარტში მოხდეს რეგისტრაცია, სადაც ნებისმიერ მსურველს, მე-11 კლასელს, შესაძლებლობა ექნება დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის მიხედვით ვნახავთ რა რაოდენობის ახალგაზრდებზეა საუბარი, როგორია მათი გეოგრაფიული დაფარვა, რომელ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებს მოიცავს და ამ ფაქტორების გათვალისწინებით, მომდევნო სასწავლო წელს, წინასწარ იდენტიფიცირებულ სკოლებში გავხსნით მე-12 კლასს და მივცემთ საშუალებას, რომ მათ ეს სასწავლო პროცესი გაიარონ", - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, კერძო სკოლებს 11 კლასთან ერთად ექნებათ მე-12 კლასის შესაძლებლობაც, სადაც ის მოსწავლეები, რომლებიც მე-11 დაამთავრებენ მათი სურვილის მიხედვით ჩაირიცხებიან და იმავე სკოლებში გააგრძელებენ.
„თუკი საჯაროსთან მიმართებაში ჩვენ გვაქვს, რომ ველოდებით კონკრეტულ რეგისტრაციას, რომ საჯარო სკოლებში გადავანაწილოთ მე-12 კლასელები, კერძო სკოლებს თავისუფლად შეეძლებათ ეს მე-12 კლასი თავისივე სკოლაში დააორგანიზონ. ანუ, კერძო სკოლებთან მიმართებაში ჩვენ რაიმე შეზღუდვას არ ვაწესებთ", - განმარტა ა გივი მიქანაძემ.
ავტორ(ებ)ი :