აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმეზე ახალი მასალები გამოაქვეყნა 20.12.2025 12:44

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ჯეფრი ეპშტეინის საქმის მორიგი მასალები გამოაქვეყნა.

 

გამოქვეყნებული ფაილები დაახლოებით 300 000 გვერდს შეადგენს და აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯეფრი ეპშტეინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ორ გამოძიებას ეხება.

 

მედიის ცნობით, გამოძიების შედეგად შეგროვებული იქნა დოკუმენტების დიდი რაოდენობა, მათ შორის დაზარალებულებთან და მოწმეებთან ინტერვიუების ჩანაწერები და ჩხრეკის შედეგად ჩამორთმეული ნივთები.

ახლად გამოქვეყნებულ ფოტოებში აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი და მსახიობი კევინ სპეისი ფიგურირებენ. ერთ-ერთ ფოტოსურათზე ცნობილი ამერიკელი პოპ-მომღერალი მაიკლ ჯექსონიც არის.

ცნობისთვის, ამერიკელი ფინანსისტი ჯეფრი ეპშტეინი 2019 წელს სექსუალური ტრეფიკინგის ბრალდებით დააკავეს. მან იმავე წელს, სასამართლო პროცესამდე ციხეში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

 

გასულ წელს გამოქვეყნებულ ეპშტეინის საქმის სასამართლო დოკუმენტებში დასახელებული იყო რამდენიმე ცნობილი სახელი, რომლებსაც ბრალდებულთან ჰქონდათ კავშირი. ერთ-ერთ დოკუმენტში ფიგურირებს დონალდ ტრამპის სახელიც, თუმცა მის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებზე საუბარი არ არის. ცნობილია, რომ წლების წინ დონალდ ტრამპს ურთიერთობა ჰქონდა ჯეფრი ეპშტეინთან, რომელიც ფინანსისტად მუშაობდა ნიუ იორკსა და ფლორიდაში.

 

გასულ თვეში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის დემოკრატიული პარტიის წევრებმა გაასაჯაროვეს ეპშტეინის ელექტრონული მიმოწერა, რომელშიც პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რამდენჯერმე არის ნახსენები. დონალდ ტრამპი ყოველთვის უარყოფდა ეპშტეინთან მიმართებით რამე კანონდარღვევის ჩადენას და აცხადებდა, რომ მის წინააღმდეგ მოარული ჭორები დემოკრატიული პარტიის მიერ არის აგორებული.

 

აღსანიშნავია, რომ ეპშტეინის ფაილების გამოქვეყნება მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნოემბრის შუა რიცხვებში კონგრესის მიერ მიღებულ კანონს მოაწერა ხელი.

 

კანონი იუსტიციის დეპარტამენტს ავალდებულებს გადასცეს კანონმდებლებს ეპშტეინის მასალები, რომლებსაც გრიფი „საიდუმლო" არ ადევთ.

 

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ