"ვულოცავ, ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს გამარჯვებას" - ირაკლი ჩომახაშვილი 21.12.2025 23:39

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატის, ირაკლი ჩომახაშვილის განცხადებით, არჩევნების პროცესში ადვოკატთა ასოციაციამ „ეთიკური დემოკრატიის ბრძოლა" აჩვენა და შედეგი დემოკრატიის წესებს შეესაბამება, რომლის მიხედვითაც უმრავლესობა იმარჯვებს. ამის შესახებ ჩომახაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა მას შემდეგ, რაც თავმჯდომარის არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა.

მისი თქმით, ელექტრონული შედეგების მიხედვით, არჩევნებში ირაკლი ყანდაშვილმა გაიმარჯვა, რასაც ჩომახაშვილი გამარჯვებულს ულოცავს.

„ელექტრონული შედეგების თანახმად გაიმარჯვა ირაკლი ყანდაშვილმა. მინდა, მივულოცო მას. მინდა ადვოკატებს ვუსურვო დამოუკიდებლობა ამ რთულ პერიოდში, რომელსაც დღეს გადის ადვოკატურა და ადამიანის უფლებები ქვეყანაში", - აღნიშნა ჩომახაშვილმა.

მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ადვოკატთა ასოციაციის ერთიანობის შენარჩუნება. ამასთან, ჩომახაშვილი მადლობას უხდის როგორც მის მხარდამჭერ ადვოკატებს, ისე მათ, ვინც მეორე კანდიდატს დაუჭირა მხარი.

„მინდა ერთიანობა ვუსურვო ადვოკატთა ასოციაციას. მადლობა იმ ასობით ადვოკატს, რომელმაც მხარი დამიჭირა, ასევე მათაც, ვინც ჩემს კონკურენტს დაუჭირა მხარი. ეს არის დემოკრატია. ჩვენ თვლით, რომ ადვოკატთა ასოციაციამ და ჩვენ ეთიკური დემოკრატიის ბრძოლა ვაჩვენეთ. დემოკრატიის ასეთი წესებია უმრავლესობა იმარჯვებს", - განაცხადა ირაკლი ჩომახაშვილმა.

იქამდე, ჩომახაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა:

"1366 მადლობა ჩემს კოლეგებს, ჩემს გუნდს და უკლებლივ ყველა გულშემატკივარს. განუზომელია ჩემი მადლიერება. ვულოცავ, ადვოკატთა ასოციაციის ახალ თავმჯდომარეს გამარჯვებას" , - დაწერა ირაკლი ჩომახაშვილმა სოციალურ ქსელში, რომელიც ასოციაციის არჩევნების მეორე ტურში 107 ხმით დამარცხდა.

შეგახსენებთ, პირველადი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საერთო კრების ფარგლებში ასოციაციის თავმჯდომარედ ირაკლი ყანდაშვილი აირჩიეს. არსებული მონაცემებით, ყანდაშვილმა 1 473 ხმა მიიღო, ხოლო ირაკლი ჩომახაშვილმა - 1 366 ხმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ