01.06.2026 18:54
"გაეროს გაკოტრება ემუქრება, რადგან აშშ და ჩინეთი მილიარდების გადახდას აგვიანებენ" - ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია აშშ-ის გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელში“ (The Wall Street Journal), რომლის ავტორი - ჯეიმს ერედი წერს, რომ ვაშინგტონმა არ გადაიხადა თანხა, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუჯეტში უნდა შეტანილიყო. აშშ გამოვიდა გაეროს პროგრამებიდან და სტრუქტურებიდან, მაგალითად, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციიდან, რომელსაც დონალდ ტრამპი ფულის მფლანგველებს უწოდებს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
გაერო მძიმე ფინანსური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა: აშშ-სა და ჩინეთის მხრიდან საწევრო თანხების გადაუხდელობის შემთხვევაში ამ საერთაშორისო ორგანიზაციას გაკოტრება ემუქრება. გაეროს ბიუჯეტი აშშ-სა და ჩინეთის გადახდებზე 42%-ით არის დამოკიდებული. აშშ-ის დავალიანება უკვე 4 მილიარდ დოლარს შეადგენს. პეკინის მხრიდან კი, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან ი-მ ახლახან ნიუ-იორკში ყოფნის დროს 850 მილიონი დოლარი გადაიხადა, მას ვალი მთლიანად არ დაუფარავს - კიდევ 455 მილიონი დოლარი აქვს შესატანი. ამასთან, პეკინი აცხადებს, რომ ყველაფერს მოაგვარებს: „ჩვენ გაეროს მთავარი სპონსორები ვართ და ჩვენი მოვალეობა კარგად გვესმის“.
აშშ გაეროს პრეტენზიებს უყენებს - მოითხოვს თანხების ეკონომიას: ორგანიზაციის პერსონალის შემცირებას, ბიზნეს-კლასით ფრენების აკრძალვას და მიუთითებს, რომ სამსახურიდან უნდა იქნენ გაშვებულნი თარჯიმან-მთარგმენელებიც - გაერომ უფრო მეტად უნდა ისარგებლოს მანქანური [ელექტრონული] თარგმნით.
„და შენც, გერმანია?“
გაეროს დაფინანსებას ამცირებენ ორგანიზაციის სხვა რამდენიმე მსხვილი დონორიც, მაგალითად, გერმანია და დიდი ბრიტანეთი, რომლებიც ჰუმანიტარული პროგრამებისათვის (შიმშილთან და ავადმყოფობებთან ბრძოლის სფეროში) ფულის გადახდაზე უარს აცხადებენ. იგივეს აკეთებენ შვედეთი და ნიდერლანდები, რომლებიც პოლიტიკურად მემარჯვენეებისაკენ იხრებიან.
„გაკოტრების საფრთხესთან“ დაკავშირებით გაეროს გენმდივანი ანტონიო გუტიერეში ჯერ კიდევ 2025 წლის ოქტომბერში გამაფრთხილებლად აცხადებდა, რომ ორგანიზაცია ვერ ახერხებს ბანკროტობის თავიდან აცილებას [და რომ მალე 1945 წლის ივნისში შექმნილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ შეიძლება თავისი სიცოცხლე სიღატაკეში დაასრულოს].
პროგნოზების მიხედვით, გაეროს ფული უკვე აგვისტოს შუა რიცხვებში გამოელევა. სხვათა შორის, სწორედ იმ დროს დადგება აქტიურად საკითხი, თუ ვინ იქნება დღევანდელი გენმდივნის ანტონიო გუტიერეშის შემცვლელი (პოლიტიკური მემკვიდრე), რომელიც 2026 წლის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.
გაეროს "სიღატაკე და ბრწყინვალება"
ფინანსების მწვავე უკმარისობის პირობებში გაერო, პირველად თავის ისტორიაში, იძულებული გახდა ხარჯების ყველაზე მასშტაბურ შემცირებაზე წასულიყო. კერძოდ, ორგანიზაციამ დახურა ზოგიერთი ოფისი და შეამცირა სამდივნოში არსებული თანამდებობები - თითქმის სამი ათასი საშტატო ერთეულით. გარდა ამისა, შემოკლდა თარჯიმან-მთარგმნელთა სამუშაო დროის ხანგრძლივობა ხელფასების შესაბამისი შემცირებით, არ ჩაუტარდა დაგეგმილი რემონტი ნიუ-იორკში მდებარე შტაბ-ბინის გარე მოპირკეთებას.
დაგეგმილია სხვა ხარჯების შემცირებაც: დაჩქარებული წესით იქნება გაყვანილი სამშვიდობო კონტინგენტი აფრიკაში არსებული კონფლიქტების ზონებიდან, ასევე მკვეთრად მოიკლებს სამშვიდობო ოპერაციების დაფინანსება. გაერომ გადადო ფულადი დახმარების გაწევა ნეპალის, ბანგლადეშისა და სხვა ღარიბი ქვეყნების მიმართ, რომელთა ჯარისკაცები გაეროს „ცისფერჩაფხუტიან“ ქვედანაყოფებში მსახურობენ.
ამასთან, გაეროს ეკრძალება კრედიტების აღება, ხოლო მის ხელმძღვანელობას შეზღუდული უფლებები აქვს საკმაოდ ბევრი საკითხის მოგვარებაში, ვთქვათ, თანამშრომლების გათავისუფლებაშიც, რომელთა ხელფასებზე ბიუჯეტის 70% იხარჯება. მაგალითად, როცა ორგანიზაციის ხელმძღვანელობა შეეცადა 700 ათასი დოლარის დაზოგვას და შენობის ერთ-ერთი დაცული შესასვლელის გაუქმება განიზრახა, დიპლომატები წინააღმდეგ გამოვიდნენ და საკონტროლო-შემშვები პუნქტის მუშაობა ორი დღის შემდეგ ისევ განახლდა.
ავტორ(ებ)ი :