04.06.2026 20:45
მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში. ევროპაში ვგულისხმობ ევროკავშირს. ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა. ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება, - ამის შესახებ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯეფრი საქსმა საქართველოში, თბილისის მდგრადი განვითარების ფორუმის ფარგლებში ვიდეოჩართვისას განაცხადა.
ჯეფრი საქსის განცხადებით, დიდმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის „წითელ ხაზებს", არა იმისთვის, რომ მცირე ქვეყნებზე კონტროლი მოიპოვონ, არამედ იმისთვის, რომ კარგი მეზობლები იყვნენ.
„ისტორიის ჩემეულ წაკითხვაში, შეერთებულ შტატებს სრულიად აშკარად ჰქონდა იდეა უკვე 1990-იან წლებში, თუმცა ეს რეალურად სათავეს იღებს ცივი ომის პერიოდის 1940-იანი წლებიდან, რომ თუ შეერთებული შტატები შეძლებდა რაიმე სახის პოლიტიკური კონტროლის მოპოვებას და განსაკუთრებით სამხედრო ყოფნის დამკვიდრებას აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში, ეს იქნებოდა დამანგრეველი დარტყმა მისი მეტოქის, საბჭოთა კავშირის ძალაუფლებისთვის 1991 წლამდე, და შემდეგ უკვე რუსეთისთვის. ამგვარად, ჩემი გაგებით, უკრაინა უკვე ამერიკელი სტრატეგების ხედვის არეალში იყო ჯერ კიდევ 1940-იან წლებში, როგორც პოტენციური სივრცე საბჭოთა კავშირის დასასუსტებლად, ხოლო 1991 წლის შემდეგ უკრაინა შეერთებული შტატების მიერ ნამდვილად განიხილებოდა სტრატეგიული თვალსაზრისით, როგორც მოსაპოვებელი ჯილდო, და ამით დიდი მეტოქის, რუსეთის, დასასუსტებლად. ეს ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული ზბიგნევ ბჟეზინსკის ნაშრომებში. ის იყო მთავარი სტრატეგი, რა თქმა უნდა, პრეზიდენტ კარტერის ეროვნული უსაფრთხოების მთავარი მრჩეველი, ხოლო 1990-იან წლებში ვაშინგტონში უკიდურესად გავლენიანი მრჩეველი. 1997 წელს, თავის წიგნში „დიდი საჭადრაკო დაფა" (The Grand Chessboard) და ასევე მნიშვნელოვან ესეში ჟურნალ Foreign Affairs-ში, ბჟეზინსკიმ ჩამოაყალიბა ხედვა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ნატო-ს ნაწილი უნდა გამხდარიყო და ამით ამერიკული ძალაუფლების ფუნდამენტური საყრდენი ქვა ევრაზიაში, ხოლო რუსეთის ძალაუფლების ფუნდამენტური დანაკარგი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის რეგიონში. ამგვარად, ეს იდეა, რომ უკრაინა არის საკვანძო სახელმწიფო (pivot state), რაც ეტიმოლოგიურად საზღვარს, საზღვრისპირა სივრცეს ნიშნავს, შეერთებული შტატების მიერ სტრატეგიულად განიხილებოდა. და, რა თქმა უნდა, ტრაგიკულად, და ჩემი აზრით სრულიად თავიდან ასაცილებლად, უკრაინა გადაიქცა ღია ბრძოლის ველად და ახლა ის უკიდურესად საშიში ომის ეპიცენტრია. ეს ომი ნაწილობრივ გამოწვეული იყო 2014 წლის თებერვლის გადატრიალებით, რომელსაც შეერთებული შტატები აქტიურად უჭერდა მხარს და ასევე ნატო-ს გაფართოების პოლიტიკით. ყოველივე ეს, ჩემი აზრით, აჩვენებს იმ „დიდი თამაშის" საფრთხეებს, რომელსაც ორი ზესახელმწიფო თამაშობს სადავო ტერიტორიაზე", - განაცხადა ჯეფრი საქსმა.
როგორც საქსმა ვიდეოჩართვისას აღნიშნა, თუ შეერთებულ შტატებს შეუძლია, სამხრეთ კავკასიაში აქტიური ყოფნა ჰქონდეს, ეს ჰგავს შეერთებული შტატების აქტიურ ყოფნას უკრაინაში
„სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ სამხრეთ კავკასია ამერიკულ წარმოდგენაში, რომელიც ამ რეგიონს ძალიან ცოტა იცნობს და, ზოგადად, არც განსაკუთრებული გეოგრაფიული სიღრმით გამოირჩევა, რუსეთის „რბილი ქვედა ნაწილის" მსგავს როლს ასრულებს. ამიტომ, თუ შეერთებულ შტატებს შეუძლია სამხრეთ კავკასიაში აქტიური ყოფნა ჰქონდეს, ეს ჰგავს შეერთებული შტატების აქტიურ ყოფნას უკრაინაში. ამ მიდგომის განხორციელებას სამხრეთ კავკასიაში დაახლოებით იმავე გზით ცდილობდნენ, როგორც უკრაინაში. 1940-იანი წლების ბოლოდან, ფარული ოპერაციების მეშვეობით, რეგიონში ჩართულობა არსებობდა. შემდეგ კი, 1991 წლის შემდეგ, ფერადი რევოლუციებისა და აშშ-ის აქტიური ჩართულობის ფონზე, გაჩნდა იდეა, რომ საქართველო ნატო-ში გაწევრიანდებოდა ისევე, როგორც უკრაინა უნდა გაწევრიანებულიყო ნატოში. ჩემი აზრით, სწორედ ამან მიიყვანა საქმე 2008 წლის ომამდე. თუმცა, თავიდანვე აშშ-ის იდეა იყო, რომ რეგიონი სადავო ზონად ექცია. ამას მსოფლიოს ბევრ ნაწილში ვხედავთ. ამას ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ამას ასევე ვხედავთ აღმოსავლეთ აზიაში. ეს უკიდურესად საშიში თამაშია. 175 წლის წინ ამას უკვე „დიდ თამაშს" უწოდებდნენ. სინამდვილეში ეს თამაში არ არის და არ ემსახურება იმ რეგიონების მოსახლეობის ინტერესებს, სადაც დიდი სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯიბრებიან, არა თვითონ რეგიონის კეთილდღეობისთვის, არამედ ერთმანეთთან კონკურენციის გამო", - განაცხადა ჯეფრი საქსმა.
მისი თქმით, დღეს მსოფლიოსთვის უმთავრესი ამოცანაა, თავიდან აიცილოს ბირთვული ომი დიდ სახელმწიფოებს შორის.
„ისტორიიდან ასევე ვიცით, რომ არსებობს გამოსავლები: პოლიტიკური გამოსავლები, გეოგრაფიული გამოსავლები, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი არის იმ რეგიონების ნეიტრალიტეტი, რომლებიც დიდ სახელმწიფოებს შორის მდებარეობენ. ანუ სახელმწიფოების იდეა, რომლებიც აღიარებულნი არიან, როგორც არც ერთი დიდი ძალის საკუთრება და რომლებიც არ უნდა გახდნენ დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების ობიექტი, გეოპოლიტიკური ისტორიის ნაწილია, სულ მცირე, 2000 წლის განმავლობაში. ამას ძალიან ღირსეული ისტორიული გამოცდილება აქვს, როდესაც მისი განხორციელების შესაძლებლობა არსებობს. ამის ჩემი საყვარელი მაგალითი ევროპულ კონტექსტში არის ავსტრიის ნეიტრალიტეტი, რომელიც 1955 წელს დამყარდა და რომელსაც საბჭოთა კავშირი უჭერდა მხარს. მიზანი იყო ეჩვენებინათ, რომ ავსტრია შეიძლებოდა ყოფილიყო ნეიტრალური სახელმწიფო დასავლეთით მდებარე ნატოსა და აღმოსავლეთით მდებარე საბჭოთა სამხედრო ბლოკს - ვარშავის პაქტს - შორის. იდეა იყო, რომ ნეიტრალიტეტის გამოცხადებით და არც ერთ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების გარეშე, ავსტრია უსაფრთხოდ დარჩებოდა. ეს გადაწყვეტილება ავსტრიელებმა 1955 წელს საბჭოთა კავშირთან ერთად მიიღეს, იმ საფუძველზე, რომ ნეიტრალიტეტი გამოიწვევდა საბჭოთა საოკუპაციო ჯარების გაყვანას. 1955 წელს შეთანხმება შედგა. ნეიტრალიტეტი ავსტრიის სახელმწიფოებრივ პრინციპად იქცა. საბჭოთა ჯარები სახლში დაბრუნდნენ და ფაქტია, რომ მას შემდეგ ავსტრია აღარავის შეუწუხებია. ორივე მხარე მის ნეიტრალიტეტს აფასებდა და პატივს სცემდა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მრავალრიცხოვანი მაგალითია, თუმცა ძალიან წარმატებული მაგალითი. საბჭოთა კავშირს სურდა, რომ ეს მოდელი ნეიტრალური გერმანიისთვისაც გამოყენებულიყო, რასაც შეერთებული შტატები არასოდეს დათანხმდა. ჩემი აზრით, ცივი ომი1955 წელსვე შეიძლებოდა დასრულებულიყო, აშშ-ს ნეიტრალური გერმანია რომ მიეღო. ამის ნაცვლად, შეერთებულმა შტატებმა დასავლეთ გერმანია ნატოში შეიყვანა და ცივი ომი 1989 წლამდე გაგრძელდა. ამიტომ დღესაც გვაქვს სიფრთხილის მნიშვნელოვანი გაკვეთილები. მსოფლიოში რამდენიმე დიდი ძალა არსებობს შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი. მე ვიტყოდი, რომ ინდოეთიც დიდი ძალაა, როგორც მსოფლიოს მესამე უდიდესი ეკონომიკა, ბირთვული სახელმწიფო და მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყანა", - განაცხადა საქსმა.
ჯეფრი საქსი აცხადებს, რომ რუსეთს აქვს უფლება, არ ჰყავდეს ნატო უკრაინაში ან საქართველოში, შეერთებულ შტატებს აქვს უფლება, არ ჰყავდეს რუსეთის სამხედრო ბაზები მექსიკაში, კუბაში ან კანადაში და ჩინეთს აქვს უფლება, არ ჰქონდეს შეერთებული შტატების მიერ შეიარაღებული ტაივანი.
„ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ გვყავს დიდი სახელმწიფოები და სადავო რეგიონები. ჩემი აზრით, მსოფლიოსთვის უმთავრესი ამოცანაა, თავიდან აიცილოს ბირთვული ომი დიდ სახელმწიფოებს შორის. მეორე ამოცანაა, რომ შუაში მოქცეული ქვეყნები არ აღმოჩნდნენ პროქსი-კონფლიქტების ხაფანგში. სწორედ ამ კონტექსტში შევთავაზე ის, რასაც „უსაფრთხოების სფეროებს" ვუწოდებ და არა „გავლენის სფეროებს". გავლენის სფეროები ნიშნავს, თითქოს დიდ ქვეყანას, მაგალითად რუსეთს, ჰქონდეს უფლება დომინირებდეს სამხრეთ კავკასიაზე, ან თითქოს შეერთებულ შტატებს ჰქონდეს უფლება აკონტროლებდეს ვენესუელის ან კუბის პოლიტიკას. მე ამ მიდგომას სრულად არ ვეთანხმები, მაგრამ ვეთანხმები იმას, რომ რუსეთს აქვს უფლება, არ ჰყავდეს ნატო უკრაინაში ან საქართველოში; შეერთებულ შტატებს აქვს უფლება, არ ჰყავდეს რუსეთის სამხედრო ბაზები მექსიკაში, კუბაში ან კანადაში; და ჩინეთს აქვს უფლება, არ ჰქონდეს შეერთებული შტატების მიერ შეიარაღებული ტაივანი. ეს ისეთი უფლებებია, რომლებიც, არსებითად, გლობალური უსაფრთხოების საფუძველს წარმოადგენს. დიდ ძალებს აქვთ უფლება, თავიანთ საზღვრებთან არ ჰყავდეთ სხვა დიდი ძალებისგან მომდინარე უსაფრთხოების საფრთხეები. ამიტომ მე ვისურვებდი, რომ სამხრეთ კავკასიის მსგავსი რეგიონები არ გამხდარიყვნენ ნატოსა თუ სხვა ძალების კონკურენციის ობიექტები. უკრაინა, ჩემი აზრით, აუცილებლად ნეიტრალური ქვეყანა უნდა ყოფილიყო. ასევე, დიდმა სახელმწიფოებმა პატივი უნდა სცენ ერთმანეთის „წითელ ხაზებს", არა იმისთვის, რომ მცირე ქვეყნებზე კონტროლი მოიპოვონ, არამედ პირიქით, იმისთვის, რომ კარგი მეზობლები იყვნენ", - განაცხადა საქსმა.
მისივე განცხადებით, სამხრეთ კავკასიის მსგავსი რეგიონების პატარა ქვეყნებს, რომლებიც რამდენიმე რეგიონულ ძალას შორის მდებარეობენ, უნდა ჰქონდეთ ავტონომია, უსაფრთხოება და ნეიტრალიტეტი.
„მოკლედ, ასეთია ჩემი შეხედულება ამ საკითხზე და მე ძალიან მაწუხებს ევროპის ჩარევა სამხრეთ კავკასიაში. ევროპაში ვგულისხმობ ევროკავშირს. ვფიქრობ, ეს სრულიად შეუსაბამოა. ევროკავშირი თამაშობს უკიდურესად საშიშ თამაშს, რომელიც მისი მისიის ფარგლებს მნიშვნელოვნად სცდება. სამხრეთ კავკასია, ნებისმიერ შემთხვევაში, გეოგრაფიულად აზიის ნაწილია და არა ევროპის, დიდი კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარეობს. ჩვენ არ უნდა ვთამაშობდეთ გეოპოლიტიკურ თამაშებს. ჩვენ უნდა ვიყოთ ორიენტირებული კეთილდღეობაზე, მშვიდობასა და ეკონომიკურ განვითარებაზე", - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.
ავტორ(ებ)ი :