05.06.2026 14:21
არ მგონია, ზელენსკის პუტინისადმი წერილი ჩვენი შესაფასებელი იყოს, მაგრამ ერთადერთი, რაც არის, ამ ომის დასრულებას ვგულშემატკივრობთ, რადგან უკრაინელი ხალხისთვის ამ ომის ყოველი დღე დამატებით ტანჯვას ნიშნავს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ნებისმიერი შესაძლებლობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მშვიდობის დასამყარებლად.
„პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ნებისმიერი შესაძლებლობა გამოყენებული უნდა ყოფილიყო მშვიდობის დასამყარებლად. სამწუხაროდ, ზოგიერთი ევროპული ქვეყნის მხრიდან ასეთ მიდგომებს ვერ ვხედავთ. ვხედავთ, ამ კონფლიქტის გაგრძელებას როგორ აქეზებენ. შეგახსენებთ, რომ ამ ომის დაწყებიდან ორ თვეში სტამბოლში პარაფირებული იყო სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელი და რუსული დელეგაციების ხელმძღვანელების მხრიდან. უკრაინის დელეგაციას დავით არახამია ხელმძღვანელობდა და მისი განცხადება იყო, რომ ეს დოკუმენტი უკრაინისთვის მისაღები იყო, მაგრამ კიევში დაბრუნდნენ, სადაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ჩავიდა და ეს შეთანხმება ჩაშალა. უკრაინის ხელისუფლებას უთხრა, არანაირი შეთანხმება, ვიომოთო.
ამის შემდეგ უკრაინა, უკვე ოთხი წელია, ომობს, ბორის ჯონსონი კი დღეს მშვიდად დადის, კონფერენციებს ატარებს და სემინარებში მონაწილეობს. სამწუხაროდ, დასავლურმა ქვეყნებმა სხვა ქვეყნის ბედის მიმართ ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ომამდეც გამოიჩინეს. ეს ისაა, ვისაც პასუხისმგებლობა აქვს გლობალურ უსაფრთხოებაზე - ევროკავშირი და ნატო. მათ ამ კონფლიქტის შეჩერება ვერ შეძლეს. ამ ომის თავიდან არიდება შეიძლებოდა. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ ამ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა, რაც ვერ შეძლო ევროკავშირმა, ნატო-მ და მაშინდელმა დასავლურმა სამყარომ. ამ ომის დასრულება შეიძლებოდა თავშივე, რასაც უკრაინის ხელისუფლება ადასტურებს. არახამია ამბობს, რომ ბორის ჯონსონის პირით კიევში გზავნილი ჩაიტანეს, რომ ეს ომი არ უნდა დასრულებულიყო. დღეს ვხედავთ, რომ ისევ გრძელდება. ამასობაში ოთხი წელი გავიდა და ასობით ადამიანი იღუპება, სამხედრო თუ მშვიდობიანი მოქალაქე", - აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, ომის დასრულებას ბოლო არ უჩანს და ნებისმიერი ინიციატივა მნიშვნელოვანია, რათა ომი დასრულდეს.
„უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ პირობები, რაზეც ახლა მსჯელობა მიდის, უარესია, ვიდრე 2022 წლის აპრილის სტამბოლის შეთანხმების პროექტში იყო, რომელიც ბორის ჯონსონის ვიზიტმა ჩაშალა, რაც არახამიამ დაადასტურა", - განაცხადა პაპუაშვილმა.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ღია წერილი გაუგზავნა, სადაც მიმართავს: „ნუ შეგეშინდებათ ომიდან გამოსვლის, ახლა თქვენგან სწორედ ეს არის საჭირო, ომის დასრულების შეთავაზება გვაქვს, განვსაზღვროთ ჩვენი შეხვედრის კონკრეტული თარიღი".
ავტორ(ებ)ი :