პარლამენტი „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის“ დასკვნასა და მასთან დაკავშირებით მიღებულ დადგენილებას აქვეყნებს.
კომისიის დასკვნა 500-მდე გვერდს მოიცავს. როგორც პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ანგარიშში შეფასებულია „2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობა“.
პარლამენტის ცნობით, საგამოძიებო კომისიის დასკვნაში მოყვანილი ფაქტების გაანალიზების საფუძველზე, პარლამენტმა დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის მიერ განხორციელებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას; „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ მკვლელობებსა და ძალადობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების ხელყოფას; კორუფციას, ბიზნესის რეკეტისა და საკუთრების უფლების ხელყოფის უხეშ ფაქტებს; მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებას; საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და სამშვიდობო პროცესის წინააღმდეგ ჩადენილ ქმედებებს; მიხეილ სააკაშვილის, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მათთან დაკავშირებული პირების დესტრუქციულ საქმიანობას 2012–2025 წლებში“.
ავტორ(ებ)ი :