ახლა უკვე საათებსაც ასახელებენ, როდის დაამხობენ „ოცნებას“. პოლიტიკოსის მხრიდან ეს უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადებაა. ნეპალთან შედარება საერთოდ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ პარტიის „გახარია – საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
შარაშიძეს კითხვა დაუსვეს „რუსთაველის გამზირის“ ლიდერის, პაატა ბურჭულაძის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „ჭკუა თუ შესწევთ, რამდენიმე ორგანიზატორი უნდა დატოვონ გარეთ, რომ 4 ოქტომბერს აქცია იყოს მართვადი, თორემ ვნახეთ უმართავი ხალხი ნეპალში, რვა საათზე უკვე გადმობარებული უნდა იყოს ხელისუფლება“.
„ჩვენ რომ ამას რეალისტურად და სწორად მივიჩნევდეთ, ჩვენც ავირჩევდით ბოიკოტის ამ გზას. ჩვენთვის მთავარია „ოცნების“ მშვიდობიანი გზებით დამარცხება, დასუსტება და ამას ვაკეთებთ არჩევნების გზით. ვინ რას აპირებს, ამაზე კომენტარის გაკეთება ძალიან რთულია. სულ მცირე, არასერიოზულია კონკრეტული თარიღების დასახელება, ახლა ვხედავთ, რომ უკვე საათებსაც ასახელებენ, რომელ საათზე დაამხობენ „ოცნებას“. ჩემი პატივისცემა ამ ადამიანს, მაგრამ, რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პოლიტიკოსის მხრიდან უპასუხისმგებლო განცხადება. ნეპალთან შედარება ხომ საერთოდ წარმოუდგენელია. დღეს თუ ვინმეს აწყობს ამ ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება, ეს არ არის ჩვენი კეთილის მსურველი, ეს, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის მტერია. ჩვენი ქვეყნის მტერი ვინ არის, მგონი, ამას შეხსენება არ სჭირდება. ვინმეს თუ სჭირდება შეხსენება, შევახსენებ, რომ ეს არის ჩვენი ქვეყნის ოკუპანტი რუსეთი. ამიტომ კარგად დავფიქრდეთ, როდესაც რაღაც განცხადებებს ვაკეთებთ. ჩვენ, ყველანი მოწოდებული ვართ, დავამარცხოთ „ოცნება“ და ჩამოვაშოროთ მიტაცებულ ხელისუფლებას. განსხვავება ჩვენსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც რევოლუციურ სცენარს აანონსებენ, არის ის, რომ ჩვენ მივდივართ არჩევნების გზით, მათ სხვა გზა აირჩიეს. ყველამ ჩვენ-ჩვენი პასუხისმგებლობით ვიმოქმედოთ. მაგალითად, რვა საათზე იქნება თუ 5 ოქტომბერს, მათ მიერ დაანონსებული სცენარი რეალურ შედეგს თუ ვერ გამოიღებს, მაშინ სხვას ნუ გადააბრალებენ იმ რეზულტატის არარსებობას, რასაც წინასწარ აანონსებენ. ნურც ხალხს გადააბრალებენ, ნურც სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არამედ თავად აიღონ პასუხისმგებლობა, რომ ტყუილ მოლოდინს უჩენდნენ საზოგადოებას. მშვიდობიანი პროტესტის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, ჩვენი გუნდიც ამ პროტესტის ნაწილია პირველივე დღიდან, როდესაც ევროპული მომავლის დასაცავად ქართველი ხალხი ქუჩაში გამოვიდა და ითხოვდა ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს, უკანონო პატიმრების გათავისუფლებას, მაგრამ ასეთი ტიპის მოწოდებების ნაწილი ნამდვილად ვერ ვიქნებით, ეს არასერიოზულია და არასწორია, საზოგადოებაში სამოქალაქო დაპირისპირების რისკებს აჩენს. ეს არ არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
ავტორ(ებ)ი :