ყველა უცხოელს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ თანხებსა და შეხვედრებს, ტერორისტებთან, ექსტრემისტებთან შეხვედრების გატარებას პირადად მე არ ვაპირებ -შალვა პაპუაშვილი 19.09.2025 15:51

ყველა უცხოელს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ თანხებსა და შეხვედრებს. ტერორისტებთან და ექსტრემისტებთან შეხვედრების გატარებას არ ვაპირებ და იქნება მხილებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ქვეყანაში არსებობს შიდა ტერორისტული დაჯგუფება, რომლის მიზანი ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლაა.

„ვხედავთ, რომ არის ნულოვანი მხარდაჭერა ოპოზიციის მიმართ. არის მარგინალიზებული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებსაც არაფერი არ გააჩნიათ, გარდა ისტერიის, ბოღმის, ძალადობისა და შეურაცხყოფის ნთხევისა. ის, რასაც პრეზიდენტი ტრამპი ეძახის შიდა ტერორიზმს, აი, ასეთი შიდა ტერორისტული ჯგუფი გვყავს, რომელსაც ღამით ეწყება ემოციური გაღიზიანება და ვხედავთ მათ მოძრაობას ქუჩაში. დილით, ღმერთის წყალობით, მშვიდად არიან, როგორც ვატყობთ და ქალაქს და ქვეყანას შეუძლია, მშვიდად იცხოვროს. ეს შიდა ტერორისტული დაჯგუფებაა, რომლის გაცხადებული მიზანიც არის ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა. მათ გაცხადებული აქვთ, რომ უარს ამბობენ დემოკრატიულ გზაზე, მათი დიდი ნაწილი ფორმალურად ჩაეხსნა არჩევნებს, არ იღებენ მონაწილეობას, მეორე ნაწილი ფორმალურად იღებს მონაწილეობას, მაგრამ ესეც ამ გეგმის ნაწილია. ხალხის მხარდაჭერის იმედი არ აქვთ, თუმცა ზუსტად ამ ღამის გამწვავებებით ვხედავთ, რაზე არიან წამსვლელები, ესენი არიან ჩარლი კირკის მკვლელის იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები. ვნახეთ, მათ შორის აქ, რა რეაქციები ჰქონდათ ამ მკვლელობაზე, როგორ ქილიკობდნენ, გაუხარდათ. ეს არის იგივე ტერორისტული იდეოლოგია, რომელიც დღეს აშშ-ს უქმნის პრობლემას. ასე რომ, ამ შიდა ტერორისტების მხრიდან არაფერი გამორიცხული არ არის. ამიტომ საზოგადოება ფხიზლად უნდა იყოს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს ქართველი ხალხის კითხვებს, სად და რატომ იხარჯებოდა ევროკავშირის თანხები?

„ძალიან დეტალურად ვაკვირდებით უცხოელების კონტაქტს ამ რადიკალებთან. ყველა ელჩი, ყველა უცხოელი, რომელიც მათ ხელს ართმევს თავის საელჩოში, სახლში ეპატიჟება სადილზე, ვახშამზე თუ ა.შ., რომელიც ნორმალიზებას ახდენს რადიკალების და ექსტრემისტების, მათი თანამონაწილეობა იქნება, თუკი რაიმე ძალადობრივი ქმედება მოხდა ამ შიდა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან. კიდევ ერთხელ მინდა, მივმართო უცხოელებს, რომლებიც საქართველოში არიან დიპლომატიური თუ არადიპლომატიური მისიებით, ამ ჯერზე პასუხისმგებლობას ნუ აირიდებენ. ჩვენ გვახსოვს შარშან  დეკემბერში მათ მიერ დაფინანსებული „ენჯეოების“ ძალადობრივი თავდასხმები პოლიციაზე, ცეცხლის წაკიდება და ა.შ., დღემდე გვახსოვს დუმილი. არცერთს არ გაუკიცხავს ეს ძალადობა, შიდა ტერორიზმი, რომელიც, დღეს ირკვევა, აი, გამოძიებიდანაც ჩვენ გვესმის, რომ ევროკავშირის ფული ამ შიდა ტერორისტების დაფინანსებაში იხარჯებოდა. დღემდე ერთი განცხადებაც არ გვაკადრა ევროკავშირის ელჩმა. ქართველი ხალხი ღელავს, ფიქრობს, როგორ იხარჯებოდა ევროკავშირის ფული. ევროკავშირის ელჩი დამალულია თავის საელჩოში და კითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს, არ პასუხობს. არ პასუხობს, თუ როგორ და რატომ  იხარჯებოდა ევროკავშირის ფული ამ ძალადობრივ დაჯგუფებებზე. ასე რომ, ყველა უცხოელს მოვუწოდებ, პასუხისმგებლობით მოეკიდონ თავიანთ თანხებს და თავიანთ კომუნიკაციას. ტერორისტებთან, რადიკალებთან, ექსტრემისტებთან შეხვედრების გატარებას მე პირადად არ ვაპირებ და ყოველ ჯერზე იქნება ამის მხილება“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ