დღეს ლუქსემბურგში იყო საქართველოს საკითხის განხილვა. შეკრებილმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა იმსჯელეს, კიდევ ერთხელ მოვისმინეთ სავიზო რეჟიმის საკითხების დაკავშირება როგორ ხდება საქართველოსთან მიმართებაში. კიდევ ერთხელ ვნახეთ, თუ როგორ ცდილობენ გარკვეული შანტაჟის ენა გამოიყენონ საქართველოსთან დაკავშირებით და მოახდინონ სწორედ უვიზო მიმოსვლის პოლიტიკის ინსტრუმენტალიზაცია, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად დაინახა, რომ ის მიმართულება, რასაც ჰქვია უვიზო მიმოსვლის გაუქმება და ამით შანტაჟი უსაფუძვლოა, შეუძლებელია ამ მიმართულებით სიარული საქართველოსთან მიმართებაში.
„ეს ხომ არ იქნება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით. რაღაც პოლიტიკის ინსტრუმენტად ეს უნდა გამოიყენონ, შესაბამისად, ახლა ხდება გარკვეული გზების ძიება, თუ როგორ აიცილონ თავიდან ის, რასაც არ აქვს ერთმნიშვნელოვნად ევროკავშირის შიგნით მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე საქართველოსთან დაკავშირებით. ცალსახად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ამ იდეას არ ყავს საკმარისი მხარდამჭერები, რაც სჭირდება ამის განხორციელებას. ბუნებრივია, ყველაზე მწვავე კრიტიკოსები თუნდაც დღეს საქართველოში მიმდინარე პროცესების, თუ საქართველოს საკითხის - რატომ ეს სხვა საკითხია, თუმცა საქართველოს ოპოზიციაში ჩამდგარი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებიც კი საუბრობდნენ რამდენიმე თვის წინ იმაზე, რომ მოქალაქეებთან დაკავშირებით ჩვენ არ შეიძლება, ეს პოლიტიკა გვქონდეს. რაც გზავნილი იყო და ცხადად გამოჩნდა, რომ ევროკავშირში არ არის მზაობა იმისა, რომ ასე ერთი ხელის მოსმით, უვიზო მიმოსვლა იქცეს პოლიტიკის კეთების ინსტრუმენტად.
თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ გარკვეული გზების ძიება კვლავ გრძელდება, რათა გარკვეულწილად მოხდეს ამ საკითხის ზეწოლის მექანიზმად გამოყენება, თუმცა მეორე მხრივ, ეს კარგად გამოიყენეს უკვე 2010 წელს ხელმოწერილი შეთანხმების შეჩერებით. საუბარი ეხება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის, კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის რეალურად შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.
ავტორ(ებ)ი :