პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი KAYSERI იმყოფებოდა ყულევის საზღვაო ნავსადგურში 2025 წლის 6-7 ოქტომბერს, გემი არ არის საერთაშორისო სანქციების ქვეშ და არ ფიგურირებს არც ერთ სანქცირებულ სუბიექტთან ასოცირებულ კომპანიათა ჩამონათვალში, – ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
სააგენტო ეხმაურება „როიტერის“ მიერ გავრცელებულ ინფორემაციას, რომ „6 ოქტომბერს ტანკერმა „კაისერი“ რუსეთის ნოვოროსიისკის შავი ზღვის პორტიდან რუსული „ციმბირული მსუბუქი“ კლასის ნავთობის 105 340 ტონა ყულევის ნავთობტერმინალში მიიტანა“.
„გემის საკუთრებისა და მართვის ჯაჭვში შემავალი ყველა კომპანია, ისევე, როგორც მისი დაზღვევა და საკლასიფიკაციო საზოგადოება, შეესაბამება მოქმედ საერთაშორისო ნორმებსა და რეგულაციებს, შესაბამისად არ იმყოფება საერთაშორისო სანქციებში. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში.
გემი ოპერირებს საერთაშორისო მარშრუტებზე, მათ შორის აზიისა და ახლო აღმოსავლეთის პორტებში და მისი საქმიანობა სრულად შეესაბამება საერთაშორისო საზღვაო პრაქტიკასა და ვაჭრობის წესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში აცხადებენ, საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის, მესამე სახელმწიფოების მიერ სანქციებისგან თავის არიდებისთვის.
„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ყველა ნავსადგურში გემების შესვლა მკაცრად კონტროლდება საერთაშორისო სამართლისა და ეროვნული კანონმდებლობის სრული დაცვით.
საქართველოს ნავსადგურები არ გამოიყენება, მათ შორის მესამე სახელმწიფოების მიერ სანქციებისგან თავის არიდებისათვის.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და გემი, ან გემის მფლობელი თუ არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :