27.10.2025 13:02
პოლიტიკური გაერთიანების, „თავისუფლების მოედნის" ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან განცხადება გააკეთა და მოქმედების 10-პუნქტიანი გეგმა წარადგინა.
ცუცქირიძის თქმით, „ავტორიტარულ რეჟიმთან წინააღმდეგობა ახალ ეტაპზე უნდა გადავიდეს".
ლევან ცუცქირიძემ ისაუბრა იმ ათი ნაბიჯის შესახებ, რომლებიც, მისივე განმარტებით, კიდევ უფრო დაახლოებთ საბოლოო წარმატებასთან და გააძლიერებს წინააღმდეგობას.
„პირველი - ჩვენს თანამოაზრეებთან და თანამებრძოლებთან ერთად, ვიწყებთ მთელი საქართველოსა და თბილისის სხვადასხვა უბნის შემოვლას, რათა კიდევ უფრო მეტ ადამიანთან მივიტანოთ სიმართლე და ხელი შევუწყოთ საუბნო და სამოქალაქო საბჭოების ჩამოყალიბებას;
მეორე - იმის დასტურად, რომ შეგვიძლია რეალური და ძლიერი ალტერნატივის ფორმირება, წლის ბოლოს, თანამოქალაქეებსა და თანამებრძოლებთან ერთად, მოვიწვევთ მასშტაბურ სამოქალაქო ყრილობას, სადაც ვიმსჯელებთ ბრძოლის შემდგომ ნაბიჯებზე და ასევე, მხარს დავუჭერთ გარდამავალი პერიოდის ხედვასა და გეგმას;
უახლოეს 30 დღეში „თავისუფლების მოედანი" წარმოვადგენთ „თავისუფლების პროგრამას საქართველოსთვის", რომელშიც განხილული და ასახული იქნება ყველა ის მნიშვნელოვანი რეფორმა და ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას გარდამავალ პერიოდში ავტორიტარიზმისგან დემოკრატიის აღდგენამდე;
ასევე, უახლოეს 30 დღეში წარმოვადგენთ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განახლებულ დოქტრინას, რომელიც წლების განმავლობაში არ განუახლებია „ქართულ ოცნებას", იმის მიუხედავად, რომ სულ მშვიდობაზე საუბრობს. საზოგადოებას ვაჩვენებთ ჩვენს ხედვას როგორც ეროვნული, ისე რეგიონული და საერთაშორისო მასშტაბით, რეალურად როგორ უნდა დავიცვათ მშვიდობა და როგორ უნდა განვამტკიცოთ სტაბილურობა;
ასევე, უახლოესი დღეების განმავლობაში, ეტაპობრივად წარმოგიდგენთ „თავისუფლების მოედნის" გუნდის იმ წევრებს, რომლებსაც, ვთვლით, რომ აქვთ შესაძლებლობა, გამოცდილება და პროფესიონალიზმი, რათა ჩაიბარონ ქვეყნის მართვისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და სფეროები;
ასევე, იმისთვის, რომ შევასრულოთ საზოგადოებისთვის ჩვენ მიერ მიცემული პირობები და ვერავინ გაბედოს იმ შეთანხმებების დარღვევა, რომელსაც საზოგადოების წინაშე დებენ, ვიწყებთ საჯარო კამპანიას ხელმოწერების შესაგროვებლად „ლუსტრაციის კანონის" მხარდასაჭერად, რომელიც იქნება ერთ-ერთი პირველი კანონპროექტი, რომელსაც „თავისუფლების მოედანი" ახალ, დამოუკიდებელ პარლამენტში ავარჩევთ;
ასევე, საერთაშორისო მხარდაჭერის გასაძლიერებლად და საზღვარგარეთ ჩვენი დიასპორების კიდევ უფრო აქტიურად ჩასართავად საქართველოში დემოკრატიის გადარჩენის საქმეში, ვიწყებთ მუშაობას, რათა დავაარსოთ დემოკრატიის ეროვნული ფონდი და მხარი დავუჭიროთ დემოკრატიისთვის ბრძოლას საქართველოში;
აგრეთვე, „ოცნებაზე" საერთაშორისო ზეწოლის გასაძლიერებლად და ჩვენი საერთო ძალისხმევის უკეთესი კოორდინაციისთვის, ჩვენს პარტნიორებს სხვადასხვა პოლიტიკური პარტიიდან, საქართველოს მეხუთე და მეოთხე პრეზიდენტს, ასევე, ყოფილ დიპლომატებს, ვთავაზობთ, და ნაწილ მათგანს უკვე შევთავაზეთ, ერთობლივად დავაფუძნოთ საგარეო პოლიტიკის საბჭო, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი პოზიციებისა და პოლიტიკის ერთობლივ შემუშავებასა და წარდგენას საერთაშორისო ასპარეზზე;
ასევე, იმისთვის, რომ გავაძლიეროთ დემოკრატიისთვის ბრძოლაში ჩვენი მხარდაჭერა, საქართველოს საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში კიდევ უფრო გაძლიერებასა და კიდევ უფრო მაღლა წაწევას შევუწყოთ ხელი, დავიწყეთ მუშაობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რათა ევროკავშირში დაარსდეს მუდმივმოქმედი საერთაშორისო, მაღალი დონის კონფერენცია საქართველოში მიმდინარე კრიზისის შესახებ, სადაც უმაღლეს დონეზე რეგულარულად იქნება განხილული ის, თუ რა უნდა გაკეთდეს საქართველოში დემოკრატიის გადასარჩენად;
ასევე, გამჭვირვალობის, საჯაროობის, ანგარიშვალდებულებისთვის კიდევ ერთხელ ხაზგასასმელად და ამის დასტურად, ჩვენ ყოველ სამშაბათს უახლოესი ორი თვის განმავლობაში აქ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ხალხს ანგარიშს ჩავაბარებთ. მათ მოვუყვებით ჩვენს გაწეულ საქმეებზე, ვუპასუხებთ მათ შეკითხვებს და წარვუდგენთ ჩვენს ხედვებს. ეს არის ის ათი კონკრეტული ნაბიჯი, რომლებსაც ჩვენ გადავდგამთ, რათა ჩვენი წინააღმდეგობა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს", - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.
ავტორ(ებ)ი :