27.10.2025 16:00
საპროტესტო აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა. მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს მმართველ პარტიას და მის პოლიტიკას, ხოლო ისინი, ვინც საპროტესტო აქციებს მართავენ, არიან უმცირესობაში.
„ამ აქციებზე საუბარში დრო არ უნდა დავკარგოთ, რადგან ქვეყნისთვის უფრო მნიშვნელოვანი თემები გვაქვს. აქციაზე რამდენი ადამიანი შეიკრიბება, საინტერესო არაა. მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ. ზოგადად, როდესაც პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენ, აუცილებლად გჭირდება ხალხის თანადგომა. ამის გარეშე შეუძლებელია, იფიქრო რაიმე საქმიანობაზე. შესაბამისად, დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არის გუნდი, რომელსაც მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს და ემხრობა მის პრაგმატულ პოლიტიკას. ეს ადამიანები კი არიან უმცირესობაში, დამარცხებულები. იმედი მაქვს, რომ ბევრი მათგანი გააცნოებიერებს, თუ რა პროცესები მიდის, როგორ იყენებენ მათ, როგორ წირავენ ციხისთვის. ვისაც ანალიზის უნარი აქვს და სწორი დასკვნების გაკეთებას შეძლებს, მე ამას მხოლოდ მივესალმები", - აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, ევროკომისიის მიერ გამოყოფილი თანხები მოხმარდა თუ არა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, კახა კალაძის თქმით, ამას არც მალავენ, რადგან ევროკავშირის და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი პირდაპირ ჩართულია ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში.
„არაფერია დასამალი. ევროკავშირისა და ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ელჩი პირდაპირ ახალისებს ძალადობრივ ორგანიზაციებს და ექსტრემიზმს ქვეყანაში, ჩართულია პოლიტიკურ დღის წესრიგში, ეს შემთხვევითი არ არის. ეს მოძალადეები იღებენ დავალებებს თავიანთი გარე პატრონებისგან. მართალია, დიპლომატიური მისია ზღუდავს ელჩებს, რომ პოლიტიკურ პროცესებში ჩაერიონ, მაგრამ მათ ეს საერთოდ არ აინტერესებთ, ყველაფერი ფეხქვეშ აქვთ გათელილი, მათთვის არც კანონები, არც წითელი ხაზები არ არსებობს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ავტორ(ებ)ი :