"ლელოს" თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციურია, მიმართოს ნინო ლომჯარიას, რომელსაც თავად ჰქონდა შედგენილი სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად-შალვა პაპუაშვილი 27.10.2025 16:35

ფარისევლობა, ტყუილი, ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ გაბრიყვების მცდელობაა, როდესაც უცხოეთიდან დაქირავებული ჯგუფები ცდილობენ, აბსურდული სამართლებრივი განმარტება გააკეთონ. ჩვენ ამას ვაკვირდებით, რადგან ამის უკან კონკრეტული დონორების და ელჩების პოზიციას ვხედავთ ხოლმე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს პარტიის საქმიანობის აკრძალვის შესახებ კანონის კონსტიტუციურობასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებაზე და მათ კრიტიკაზე.

„პარტიის საქმიანობის აკრძალვის კონსტიტუციურობას თუ ანტიკონტიტუციურობას რაც შეეხება, ეს ყოველთვის იყო ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაში. ნებისმიერ ქვეყანაში არის. მეორეც, არქივი კარგი რამ არის, ჩახედეთ არქივში და ნახეთ ნინო ლომჯარიას მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელი, როდესაც ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებას ითხოვდა. ვინაიდან თავად მოსარჩელე ვერ იქნებოდა, პარლამენტში ოპოზიციურ წევრებსაც კი გაუგზავნა სარჩელი, რომ მათ შეეტანათ. ასე რომ, თავად „ენჯეოებს" ჰქონდათ გამზადებული სარჩელი და მაშინდელ პარტიებთან მუშაობას ცდილობდნენ, რათა მათ შეეტანათ სარჩელი. ამიტომ ფარისევლობა, ტყუილი, ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ გაბრიყვების მცდელობაა, როდესაც უცხოეთიდან დაქირავებული ჯგუფები ცდილობენ, აბსურდული სამართლებრივი განმარტება გააკეთონ. ჩვენ ამას ვაკვირდებით, რადგან ამის უკან კონკრეტული დონორების და ელჩების პოზიციას ვხედავთ ხოლმე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის თქმით, „ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელი მზად არის და სამართლებრივი დახვეწა მიმდინარეობს.

„სარჩელი მზად არის, მიმდინარეობს მისი სამართლებრივი დახვეწა. დღეს გვექნება უმრავლესობის სხდომა, სადაც მოხდება სარჩელის განხილვა. ვფიქრობ, ხვალ უკვე მზად იქნება", - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს სარჩელთან დაკავშირებით კიდევ ერთი კითხვა დაუსვეს, ხომ არ გამოიწვევს ეს პარტიების გაუქმებას, რაზეც პაპუაშვილმა აღნიშნა:

„არსებობენ პარტიები, როდესაც ამ იურიდიული ფორმის გამოყენება ხდება საქართველოს დასაზიანებლად, იმისთვის, რომ დააორგანიზონ ხელისუფლების არადემოკრატიული გზით შეცვლა. ვხედავდით ომის პროპაგანდას, ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მცდელობას და ასე შემდეგ. კონსტიტუციით არის გაწერილი საკითხები, რა შემთხვევაში შეიძლება, პარტია აიკრძალოს და გამოცხადდეს არაკონსტიტუციურად. ამიტომ ჩვენი მთავარი სამიზნეა ის გაერთიანება, პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მთავარი გამწევი ძალა არიან ანტიქართული და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისა, ვისაც აქვს რეალური შესაძლებლობა, არიოს ვითარება საქართველოში, ანტიკონსტუტუციური ქმედებები დააორგანიზოს, ხელისუფლების დამხობის მცდელობები, რომელიც რამდენიმე ვიხილეთ ბოლო 10-13 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც „ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას ჩამოსცილდა. ეს არის ჩვენთვის მთავარი საზომი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენ, მათ შორის, ბოლო საკანონმდებლო ცვლილებებითაც, შევქმენით დასავლური სტილის კანონმდებლობა, რომელიც ეფუძნება მთავარ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის პრინციპს. ეს გულისხმობს, რომ დემოკრატიამ თავი უნდა დაიცვას დემოკრატიის მტრებისგან, რომლებიც ცდილობენ, დემოკრატიის ინსტრუმენტები გამოიყენონ დემოკრატიის წინააღმდეგ. ანუ, პარტია, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი, გამოიყენონ დემოკრატიისთვის ძირის გამოსათხრელად და დასამხობად. ამიტომ ამ პრინციპით მოქმედებს ყველა ქვეყანა. ეს ჩვეულებრივი პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში. მოლდოვაში ახლახან აკრძალეს რამდენიმე პარტია, მანამდე უკრაინაში, გერმანიაში ხდება პარტიების აკრძალვა, მათ შორის არაპოლიტიკური ორგანიზაციების აკრძალვაც არის გერმანიაში შესაძლებელი.

„ლელომ" მიმართოს ნინო ლომჯარიას, თუ აინტერესებს, პარტიების აკრძალვა რამდენად კონსტიტუციური ან არაკონსტიტუციური ინსტრუმენტია და ის გაუწევს კონსულტაციას. ადამიანი, რომელსაც თავად ჰქონდა სარჩელი შედგენილი, მათ შორის „ლელოსაც" მისცა სარჩელის პროექტი, რომელიც ერთი კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადებისთვის ჰქონდა. პარტიის აკრძალვის კანონი მოქმედებს, რაც კონსტიტუცია გვაქვს. კანონი და კონსტიტუცია ამას ითვალისწინებს ათწლეულებია და ახლა გაახსენდათ, როცა თავად ხედავენ რისკს, რომ შეიძლება იყვნენ ამისი ობიექტი? ჩვენი თუ არ სჯერათ, ნინო ლომჯარიასი ხომ სჯერათ, ჰკითხონ ლომჯარიას, საკონსტიტუციო სასამართლოში პარტიების აკრძალვის მოთხოვნა ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას? ჰკითხონ ადამიანს, რომელიც, მათ შორის, სახალხო დამცველი იყო იმ მომენტში, როდესაც შეადგინა სარჩელი კონკრეტული პარტიის ასაკრძალად. მზა სარჩელი მიუტანა „ლელოს" და სხვა პარტიებს, რათა შეეტანათ საკონსტიტუციო სასამართლოში. უფრო ხატოვნად რომ წარმოიდგინოთ, რა თქმა უნდა, მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ ორიენტაციას თუ პარტიის შეხედულებებს, არამედ მნიშვნელოვანია, მათი ქმედებები ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას, ეს არის განმსაზღვრელი".

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ