შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს 30.10.2025 17:33

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში საკანონმდებლო ცვლილებები არ განხორციელებულა.

„გადასახადის გადამხდელთა ინტერესებიდან გამომდინარე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დეტალურად განმარტავს იმ პირთა კატეგორიას, რომელთაც, პირველი ნოემბრის ჩათვლით, ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება წარმოეშობათ.

დეკლარაციის წარდგენა ევალება ფიზიკურ პირს, მათ შორის მეწარმე ფიზიკურ პირს: თუ პირის და მისი ოჯახის წევრების შემოსავალი გასული (2024) წლის მიხედვით აღემატება 40 000 ლარს და საკუთრებაში აქვთ დასაბეგრი ქონება (უძრავი ქონება, მათ შორის დაუმთავრებელი მშენებლობა, შენობა-ნაგებობა ან მათი ნაწილი, იახტა (კატარღა), შვეულმფრენი, თვითმფრინავი და მსუბუქი ავტომობილ(ებ)ი (გარდა მოტოციკლისა და მოპედისა) და სხვა; ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში კი – ბალანსზე ძირითად საშუალებად აღრიცხული აქტივები, მოწყობილობები და სხვა.

ამასთან, დამატებით განვმარტავთ, რომ დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება არ წარმოეშობა პირს, თუ გასულ საგადასახადო წელს წარდგენილი აქვს დეკლარაცია ან დარიცხული აქვს გადასახადი და არ იცვლება მონაცემები (სისტემა ავტომატურად მოახდენს წინა წლის ინფორმაციის რეგისტრაციას).

ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ, მოქმედი კანონმდებლობით, არანაირი ცვლილება დასაბეგრი ქონების წლიური დეკლარაციის წარდგენისა და ადმინისტრირების ნაწილში არ განხორციელებულა. შესაბამისად, მეწარმე სუბიექტები/ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარდგენილ დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანონ გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის პირველი აპრილის მდგომარეობით.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს მედიასაშუალებებს და ფინანსური/საბუღალტრო/საკონსულტაციო მომსახურების განმახორციელებელ კომპანიებს, ასევე ცალკეულ ექსპერტებს, თავი შეიკავონ ცრუ, გადასახადის გადამხდელებისთვის საზიანო ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.

დეტალური ინფორმაცია ფიზიკურ პირთა მიერ ქონების გადასახადის გამოანგარიშებისა და გადახდის წესის შესახებ, მათ შორის ფიზიკური პირის ქონების გადასახადის გამომთვლელი, ასევე, ვიდეოინსტრუქცია და გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდსა და შესაბამის ბმულებზე, ასევე, გაეცნოთ ვიდეოინსტრუქციას, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელს.  ინფორმაციის მისაღებად, ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით – „RS ჩათი“ და „RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს – 2 299 299“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები
 
 
 
 
 

 

ასევე დაგაინტერესებთ