03.11.2025 23:03
          
          პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ "ლელოს" აკრძალვის შემთხვევაში, პოლიტიკური აქტიურობის სხვა გზებს მოძებნიან, რომელიც სწორი, პოლიტიკური და სტრატეგიული წინააღმდეგობის გზა იქნება ხელისუფლების შესაცვლელად.
როგორც კუპრაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, თუ მას 2012 წლიდან 2019 წლამდე შეეძლო პოლიტიკური აქტიურობა პარტიის გარეშე, ამას "ლელოს" აკრძალვის შემთხვევაშიც შეძლებს.
"პარტიული აქტივობა, როგორც "ლელო" შეიძლება შეუძლებელი გახდეს, მაგრამ ჩვენი პირველი აქცია, როდესაც მე სტუდენტი ვიყავი და თანაკურსელებთან ერთად დაგვარბიეს, იყო "ნაციონალური მოძრაობის" პირობებში და მას შემდეგ, მხოლოდ და მხოლოდ 2019 წელს გავხდი პარტიული. "ლელო" ჩემი პირველი პარტიაა და სხვაგან არასდროს არ ვყოფილვარ. იმიტომ ავირჩიე "ლელო", რომ არ მინდოდა არც "ნაციონალური მოძრაობა" და არც "ქართული ოცნება". ამიტომ აღმოვჩნდი "ლელოში". თავის მხრივ, თუ მე 2012 წლიდან 2019 წლამდე შევძელი პოლიტიკური აქტიურობა, აქ პარტიულ არ ვგულისხმობ, გავაგრძელებ ასეთს. აკრძალვის პირობებში, ჩვენ ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. რაიმე ტიპის ფორმის მოძიება აუცილებლად იქნება შესაძლებელი. ვერ ამკრძალავენ, როგორც მოქალაქეს, როგორც ადამიანს, ვერ შემიზღუდავენ აზრის გამოხატვას, მიუხედავად იმისა, რომ არაერთი მცდელობაა ამის. ამიტომ, აქტიურობის შესაძლებლობას გამოვნახავ მე პირადად და მათ შორის, ჩემი კოლეგებიც, რომლებიც უკან დახევას, დანებებას, უცხოეთში წასვლას არ ვაპირებთ. ბოლომდე ვიქნებით, ვიპოვით იმ სწორი პოლიტიკური და სტრატეგიული წინააღმდეგობის გზებს, რომელიც შეცვლის ხელისუფლებას ისე, რომ წარსული შეცდომები განმეორებული არ იყოს", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
ავტორ(ებ)ი :