07.11.2025 13:39
არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ TRT WORLD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არსებობს გარკვეული ძალები, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე.
„არ მგონია, რომ ევროკავშირის ინტერესებშია საქართველოში მთავრობის დამხობა, მაგრამ არსებობს გავლენა, რომელიც საკმაოდ აშკარაა. მაგალითად, სულ ბოლო - ოთხ ოქტომბერს საქართველოში მომხდარი გადატრიალების მცდელობამდე, როდესაც ოპოზიცია ცდილობდა ძალადობრივად შეჭრილიყო პრეზიდენტის შენობაში, ევროკომისიის ოფიციალურმა სპიკერმა, პრესსპიკერმა მხარი დაუჭირა ამ აქციას სახელწოდებით „მშვიდობიანი გადატრიალება". ასე რომ, ეს არის ფაქტები. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ევროკავშირის ობიექტურ ინტერესებშია საქართველოში რევოლუციების მხარდაჭერა, მაგრამ არსებობენ გარკვეული ძალები, რომლებიც, სამწუხაროდ, უარყოფითად მოქმედებენ ევროპულ ბიუროკრატიაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე", - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირდაპირ დაუჭირა მხარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას და მკაფიო განცხადებები გააკეთა ოპოზიციის მხარდასაჭერად.
„ჩვენ გვაქვს ამ ტიპის განცხადებების ვიდეოჩანაწერები. ასევე, გვაქვს საქართველოში ევროკავშირის ელჩის განცხადებების ვიდეოჩანაწერები, რომელიც პირდაპირ გამოხატავდა მხარდაჭერას. როდესაც დემოკრატიაზე ვსაუბრობთ, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პირდაპირ დაუჭირა მხარი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციას. მან ძალიან მკაფიო განცხადებები გააკეთა ოპოზიციის მხარდასაჭერად და მმართველი პარტიის წინააღმდეგ. და შეესაბამება ეს დემოკრატიულ პრინციპებს? რა თქმა უნდა, არა. ჩვენ ვხედავთ ამ ტიპის მოვლენებს, რომლებიც ძირს უთხრის დემოკრატიულ ღირებულებებს ევროკავშირში. ეს არის ნაბიჯები, რომლებიც ევროპულმა ბიუროკრატიამ გადადგა და, იმედია, შეიცვლება დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ და გახდება უფრო სამართლიანი", - განაცხადა პრემიერმა.
ავტორ(ებ)ი :