07.11.2025 16:09
პაველ ჰერჩინსკის წერილი კიდევ ერთი ნათელი მტკიცებულებაა იმ ორმაგი სტანდარტისა და ვერაგული პოლიტიკის, რომელსაც ევროკავშირი საქართველოსთან მიმართებით, ბოლო წლებია, ახორციელებს, - ამის შესახებ პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, წერილიდან ჩანს, რომ თავიდანვე იყო გადაწყვეტილი, რომ ევროკავშირი 2030 წლამდე არ გეგმავდა გაფართოებასთან დაკავშირებით რაიმე რეალური მსჯელობის დაწყებას.
„თუმცა საქართველოში საკითხთან დაკავშირებით უნდა შექმნილიყო ისეთი ფონი და საზოგადოებაში უნდა გაჩენილიყო ცრუ მოლოდინები, რომელსაც შემდგომში უნდა მოჰყოლოდა პროტესტი, სამოქალაქო არეულობა, დაპირისპირება. გასულ წელს რაც საქართველოში ვნახეთ მათ მიერ მხარდაჭერIლი ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, თუ როგორ მოქმედებს ევროპული ბიუროკრატია საქართველოში, რა მიზნები და ამოცანები ამოძრავებდათ მათ", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, ძალაში რჩება საქართველოს ხელისუფლების განწყობა, რომ როგორც კი ევროკავშირი გახსნის მოლაპარაკებას, ამას ხელს მოაწერს.
„წერილით კი გამოვლინდა, რომ ევროკავშირი რეალურად არ გეგმავდა გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებით ნაბიჯების გადადგმას, რომ ეს ყველაფერი იყო სრული ფარსი და ბლეფი, ემსახურებოდა საქართველოში იმ პოლიტიკური პროცესების დაწყებას, რომელიც მიზნად ისახავდა არჩევნების გარეშე, ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილებას და შემდგომში ისეთი პოლიტიკური ძალის მოყვანას, რომელიც მათი დავალებების შემსრულებელი იქნებოდა. ვფიქრობ, საზოგადოება ამას კარგად და სწორად აფასებს. ის შედეგები, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო არჩევნებში გამოვლინდა, ამის ნათელი დადასტურებაა. ქართული საზოგადოება გაიზარდა, ყველაფერს რეალურად იაზრებს, თუ რას წარმოადგენს ევროკავშირის ბიუროკრატია დღეს, რა მიზნები და ამოცანები ამოძრავებთ საქართველოში და რა სურს საქართველოს ხელისუფლებას", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს, რომ ქართული სახელმწიფო განვითარდეს, იყოს რეალურად დამოუკიდებელი და ჰქონდეს რეალური სუვერენტეტი.
„ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი. წერილი, რომელიც დღეს გასაჯაროვდა, არის რეალური დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ევროკავშირის ბიუროკრატების მხრიდან. კარგად უნდა გავაანალიზოთ, ეს კარგი გაკვეთილია, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, ვიყოთ მაქსიმალურად პრაგმატული და ფრთხილი, როგორც ევროკავშირთან, ასევე ჩვენს სხვა მეგობრებთან მიმართებით", - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა დღეს გაავრცელა ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის წერილი, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიგზავნა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2025 წლის 5 ნოემბრის წერილიდან ირკვევა, რომ ევროკავშირმა ჯერ კიდევ 2024 წლის 27 ივნისს, ირაკლი კობახიძის განცხადებამდე ხუთი თვით ადრე თავად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების თაობაზე. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ კი განცხადება, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე აღარ დააყენებდა საკითხს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შესახებ, თუმცა, შემოთავაზების შემთხვევაში, წინადადებას დათანხმდებოდა, 2024 წლის 28 ნოემბერს გააკეთა.
ავტორ(ებ)ი :