ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს, ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის პროექტად -შალვა პაპუაშვილი 07.11.2025 17:17

მარტა კოსი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ხალხად არ თვლის, მისთვის ხალხი არის ის „ენჯეოები", რომლებსაც თავად აფინანსებენ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რასა იუკნევიჩიანემ „ქართული ოცნების" მხარდამჭერები დამნაშავეებად გამოაცხადა და მიხეილ სააკაშვილიც მის ნათქვამს იმეორებს.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, როდესაც ბრიუსელიდან საუბრობდნენ პოლარიზაციაზე, გულისხმობდნენ არა არსებულ პოლარიზაციას, არამედ ეს იყო პოლარიზაციის დამკვიდრების სურვილი. გაიხსენეთ რასა იუკნევიჩიანეს გამონათქვამი, ერთი ერთში იმეორებს ზუსტად სააკაშვილი მის გამონათქვამებს. მისი ფაშისტური ხასიათის შეფასება, რომ „ქართული ოცნება" არის ვირუსი თუ ინფექცია, რომელიც უნდა ამოკვეთონ და ქართველი ხალხი, რომელიც ხმას აძლევს „ქართული ოცნებას", არის დამნაშავე. მთელი ხალხი გამოაცხადა დამნაშავედ ქალბატონმა იუკნევიჩიანემ და იმავეს იმეორებს სააკაშვილი, რომელიც ზუსტად მათი დავალებებით მოქმედებს.

მათი პირადი აგენტების და დავალებების შემსრულებლების გარდა, სხვა დანარჩენი ხალხი არ ვართ, ჩვენ ხალხად არ გვთვლიან. ხელისუფლებაში რომ მოიყვანონ თავიანთი მარიონეტები, ალბათ შეგვიქმნიან სადმე რეზერვაციას და შიგნით შეგვყრიან. თვითონ თავისთვის იქნებიან სემინარებით, ყავებით, ირბენენ აქეთ-იქით და ივლიან სხვადასხვა დედაქალაქში, ტელეხიდები ექნებათ ჩართვით.

ეს არის სინამდვილეში, რომ ხალხად არ გვთვლიან, აბა, სხვა რა არის? ქალბატონი კომისარი კოსი რომ გამოდის და საუბრობს, ხალხს მოუსმინეთო, არჩევნები ჩატარდა რამდენიმე კვირის წინ და თუ ქალბატონ კოსს ქართველი ხალხის ხმა აინტერესებს, შეუძლია, ყური კარგად დაუგდოს 4 ოქტომბრის შედეგებს და შარშანდელ, 26 ოქტომბრის შედეგებს. სინამდვილეში, ძალიან კარგადაც ესმის ეს ხმა, უბრალოდ, იყრუებს თავს, რადგან ქალბატონი კომისარი „ქართული ოცნების" მხარდამჭერებს ხალხად არ თვლის. მისთვის ხალხი არის ის „ენჯეოები", რომლებსაც თავად აფინანსებენ. ასე, თვალსა და ხელს შუა, ბრიუსელი მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტს - ევროკავშირს აქცევს სხვა ქვეყნებისთვის ძირის გამოთხრის, საზოგადოებების დახლეჩვის, ერთმანეთზე გადაკიდების პროექტად. ამას აკეთებენ ყოველდღიურად ბრიუსელი და მისი წარმომადგენლობა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ