ქრონიკული მოღალატე გიორგი გახარია საბოლოო ჯამში წაგებული აღმოჩნდა -ირაკლი ფავლენიშვილი 12.11.2025 17:35

გიორგი გახარიას ისტორია ქრესტომათიულია - ივანიშვილს ან უნდა ებრძოლო, ან არ უნდა ებრძოლო, შუაში ყოფნა არ გამოდის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გიორგი გახარია, რომელიც ქრონიკული მოღალატეა, საბოლოოდ წაგებული აღმოჩნდა.

„ჩვენზე კარგად იციან, რა დანაშაულებს ჩადიან კორუფციის, ადამიანის უფლებების დარღვევის მხრივ კონკრეტული ადამიანები. ავტოკრატიული რეჟიმის არსია, რომ ყველას უნდა ჰქონდეს გასვრილი ხელი კორუფციაში, ყველა უნდა იყოს კომპრომეტირებული, რომ როდესაც დასჭირდება ბელადს, მოახდინოს ამ ხალხის დისკრედიტაცია და განადგურება. ეს არის საუკეთესო საბჭოთა ტრადიციები, როდესაც, მათ შორის, კოდექსები ისეა შედგენილი, რომ ამ ადამიანების განადგურება, დასჯა უფრო მარტივად შეგეძლოს. ეს გააკეთა ივანიშვილმა ახლა. კობახიძემ და სხვებმა ჩვენზე ცუდად კი არ იცოდნენ, რომ ღარიბაშვილი და მისი გუნდი იყო კორუმპირებული, ფარცხალაძე და მისი გუნდი იყო კორუმპირებული, გახარიას რომ კონკრეტული დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი, თუმცა იმ დროისთვის მოიტოვეს, როდესაც ეს კლანური ბრძოლა მათ მსხვერპლშეწირვას მოითხოვდა და ამ ბრძოლაში წაადგებოდნენ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, ქრონიკული მოღალატე გიორგი გახარია, რომელმაც ივანიშვილს უღალატა, ოპოზიციას უღალატა, უღალატა პროტესტს და პარლამენტში შევიდა საბოლოო ჯამში წაგებული აღმოჩნდა.

„მისი ისტორია ქრესტომათიულია - ივანიშვილს ან უნდა ებრძოლო, ან არ უნდა ებრძოლო. შუაში ყოფნა არ გამოდის", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ