14.11.2025 15:43
2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოში რუსეთის მეხუთე კოლონამ ივანიშვილის რეჟიმის სახით, საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევითა და ეროვნული ინტერესების ღალატით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი საჯაროდ დასამარებულად გამოაცხადა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, 2024 წლის 28 ნოემბერს ერთ მუშტად შეკრული ქართველი ხალხი გაერთიანდა და ქუჩაში საქართველოს სუვერენიტეტის, თავისუფლების, ევროპული არჩევანის დასაცავად გამოვიდა.
„ერთი წლის თავზე ქართული საზოგადოება კვლავ მედგრად იცავს საქართველოს არჩევანს თავისუფალ, ღირსეულ, ევროპულ მომავალს. ივანიშვილის რუსული რეჟიმი მასობრივი რეპრესიებით, საქართველოს ასეულობით ღირსეული მოქალაქის თუ პოლიტიკური ლიდერების დატყვევებით, სამოქალაქო საზოგადოების განადგურებით, პოლიტიკური პარტიების გაუქმებით, აკადემიური თავისუფლების ხელყოფის მცდელობით, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების აკრძალვით ცდილობს შიში და უიმედობა დათესოს საზოგადოებაში, გააღატაკოს და ქვეყნიდან გააქციოს ჩვენი ღირსეული თანამოქალაქეები. შიშის და უიმედობის დათესვის მიზნით, ამავდროულად კი რუსეთის საამებლად, ივანიშვილის რეჟიმმა სამედიცინო პენიტენციური დაწესებულებიდან ტყვეობის მეხუთე წელს კვლავ ციხეში გადაიყვანა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
რუსული ოცნების ეს სასტიკი სპირალი, რომელიც ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის განადგურებას ისახავს მიზნად, ვერ გატეხს ქართველი ხალხის ისტორიული სიმამაცეს და მისწრაფებას თავისუფალი, ევროპული სამყაროსკენ. 28 ნოემბერს ქართველი ხალხი კვლავ იტყვის თავის სათქმელს ამ ისტორიულ გზაზე, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება!
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", საქართველოს ევროპული არჩევანისთვის მებრძოლი მთავარი პოლიტიკური ძალა და რუსული იმპერიალიზმის მთავარი მოწინააღმდეგე საქართველოში, ყველა თანამოაზრე პოლიტიკურ პარტიასთან, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობასთან ერთად, კვლავ ამაყად იდგება საქართველოს გადარჩენისთვის შეკრებილი პატრიოტების რიგებში. მოგიწოდებთ საქართველოს ყველა პატრიოტს: 28 ნოემბერს, 19:00-ზე შევიკრიბოთ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან და მსვლელობით გადავინაცვლოთ პარლამენტის შენობასთან. გავაგონოთ მთელ ცივილიზებულ სამყაროს თავისუფალი, ევროპული საქართველოს ხმა", - ნათქვამია განცახდებაში.
ავტორ(ებ)ი :