14.11.2025 16:25
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, არარატ მირზოიანს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურულ-საგანმანათლებლო ურთიერთობები და ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. საუბარი შეეხო სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში დაგეგმილ ვიზიტს, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ 2024 წელს გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება, მტკიცე მეგობრული ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია და გზას უხსნის უფრო ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა სფეროში. ასევე ხაზი გაესვა, რომ მსოფლიოში არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას აგრძელებენ.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველო უპირობოდ მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო შეთანხმების პარაფირებას.
"იმედი გვაქვს, რომ უახლოეს პერიოდში, სომხეთი და აზერბაიჯანი საბოლოოდ მოაწერენ ხელს სამშვიდობო შეთანხმებას, რითაც თვისობრივად ახალ საფეხურზე გადავა სამხრეთ კავკასიის პოზიტიური განვითარების დინამიკა და რეგიონის მიმზიდველობა. საქართველო განუხრელად უჭერს მხარს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების პროცესს და მზად არის განაგრძოს თავისი წვლილის შეტანა საჭიროების შესაბამისად", - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო უპირობოდ უჭერს მხარს სომხეთის რესპუბლიკის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ავტორ(ებ)ი :