საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს 14.11.2025 17:16

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს.

„სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ეუთო/ოდირმა შეისწავლა საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი ბოლოდროინდელი ცვლილებები, რომლითაც დაწესდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის რიგი ნორმების განმეორებითი დარღვევისა და კიდევ ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისათვის.

ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ცალკეული არაძალადობრივი ქმედებებისათვის (ნიღბის ტარების, უკანონოდ მიჩნეულ აქციებში მშვიდობიანი მონაწილეობისა თუ გზების გადაკეტვის ჩათვლით) თავისუფლების აღკვეთის შემოღება, საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანისა თუ ასეთი ზიანის გამოწვევის განზრახვის მტკიცებულების გარეშე, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დაცული ქმედების კრიმინალიზაციას.

ეუთო/ოდირი ხაზს უსვამს, რომ არაპროპორციული სასჯელები დამოუკიდებლად არღვევს შეკრების თავისუფლებას, რამდენადაც მათ შეუძლია შეაფერხოს აქციების მოწყობა და მასში მონაწილეობა, რასაც უარყოფითი  ეფექტი აქვს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების რეალიზებაზე.

ცვლილებები ასევე ახდენს იმ ვერბალური შეურაცხყოფისა თუ სხვა „შეურაცხმყოფელი ქმედების“ კრიმინალიზებას, რომლებიც მიმართულია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისა და სხვა ცალკეული  მოხელეების წინააღმდეგ და სასჯელის სახით ითვალისწინებს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, არაერთგზის მათი ჩადენის შემთხვევაში. ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით, ასეთი ბუნდოვანი და ფართო ტერმინოლოგია, რომელიც იძლევა სუბიექტური ინტერპრეტაციის საშუალებას, ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სამართლით მოთხოვნილ - კანონიერების, სიცხადისა და განჭვრეტადობის სტანდარტებს.

ეუთო/ოდირის შეფასებით, 2025 წლის ოქტომბრის ზემოაღნიშნული ცვლილებები სერიოზულ წუხილებს წარმოშობს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებთან საქართველოს შესაბამისობის თაობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ