17.11.2025 15:00
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით არჩევნების წინ ქვეყანაში შემოაპარეს, რათა ქვეყანა ქაოსში ჩაეგდოთ. ამის შესახებ პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით შალვა პაპუაშვილის განცხადება „პროვოკაციული და უხამსი ბრალდებაა".
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „ეს მისი სტილის პრობლემაა, მაგრამ აქ მთავარი ფაქტებია".
„ფაქტები თვითონ ღაღადებენ სიმართლეს, ხომ?! აბა, ვინ ჩამოიყვანა სააკაშვილი? ჩვენებიდან ვიცით და მხილებულია იმ ადამიანის მხრიდან, ვინც უშუალოდ მის ტრანსპორტირებას ახდენდა. მისი შემოპარება 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეებში ორგანიზებული იყო უკრაინის სამხედრო თუ კონტრდაზვერვის სამსახურის მიერ. კერძოდ, მისი ხელმძღვანელის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის მიერ. სად არის დღეს გია ლორთქიფანიძე? ის ისევ იქ არის, სადაც ის არის. შესაბამისად, ვინც ხელს აფარებს სააკაშვილის ქვეყანაში შემოპარების ორგანიზატორებს, ამხელს საკუთარ თავს ამ საქმეში.
ეს ახლა მისი სტილის პრობლემაა, მაგრამ აქ მთავარი ფაქტებია. არჩევნების წინ, უკრაინის ხელისუფლების ორგანიზებით, ქვეყანაში ფარულად სააკაშვილი შემოაპარეს, რათა აერიათ ქვეყანა და ქვეყანა ქაოსში ჩაეგდოთ. არჩევნებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ომი დაიწყო, რაც თავიდანვე ჩანდა, რომ საქმე, მათ შორის, უკრაინაში, მიდიოდა ომისკენ. ეს კიდევ გვაფიქრებინებს, რა იყო მეორე ეტაპი ამ ქაოსის მოწყობისა. თუკი სააკაშვილს ჩააგდებინებდნენ ხელში ხელისუფლებას, ხომ არ გეპარებათ ეჭვი, რომ უკრაინიდან ზარი გაისმებოდა: „მიდით, საქართველო, შევარდით ახლა ერთ ან მეორე რეგიონშიო?" ზუსტად ამას იზამდნენ.
თავად ეს „ნაციონალური მოძრაობა" და მისი პარტნიორი პარტიები არ ამბობდნენ, რომ დაუწესებდნენ სანქციებს, ჩაკეტავდნენ ცას, საზღვრებს, წავიდოდნენ ესკალაციაზე? ბოლოს და ბოლოს, გახსოვთ ზურა-გირჩის განცხადება, რომ 10 ათას რუს ჯარისკაცს დავაკავებდით, აქ რომ ომი დაგვეწყოო. ეს უნდოდათ მათ. ეს უნდოდათ, რასაც ეკა გიგაური, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული, დაქირავებული „ენჯეოს" წარმომადგენელი ამბობდა, რომ შესაძლებლობების ფანჯარა უნდა გამოვიყენოთ ახლა, რუსეთი სუსტი არისო. ეს არის, რასაც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ნინო ლომჯარია ამბობდა, ასეთ ყოფას სჯობია, ბომბები გვეცემოდესო და ჩვენი ბავშვები და ქალები იღუპებოდნენო. ეს ერჩივნა მას. ეს უნდოდათ, მოეწყოთ და ქართველმა ხალხმა, მათ შორის ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა, ამის საშუალება არ მისცეს", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ავტორ(ებ)ი :