17.11.2025 17:42
ევროკავშირის საბჭომ უვიზო მიმოსვლის შეჩერების განახლებული წესები დაამტკიცა.
უვიზო მიმოსვლის შეჩერების ახალი მექანიზმი საშუალებას მისცემს ბრიუსელს, უფრო სწრაფი და გადამწყვეტი რეაგირება მოახდინოს იმ სიტუაციებზე, როდესაც უვიზო მიმოსვლის ბოროტად გამოყენება ხდება ან ის ეწინააღმდეგება ევროკავშირის ინტერესებს.
ახალი წესების მიხედვით, უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფუძვლები გაფართოვდება.
„ახალი წესები როდესაც შევა ძალაში, ევროკავშირს შეეძლება, გააუქმოს უვიზო მიმოსვლა მესამე ქვეყნებთან, თუ ეს სახელმწიფო არ შეესაბამება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკას. ამას გარდა, ევროკავშირს შეეძლება ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, თუ ამა თუ იმ ქვეყანას ექნება მოქალაქეობის ინვესტორებისთვის მინიჭების პროგრამა; უვიზო მიმოსვლა გაუქმდება, თუ მესამე ქვეყნის ევროკავშირთან ურთიერთობები გაუარესდება, მაგალითად, ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევაში", - ნათქვამია პრესრელიზში.
განახლებული წესებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედება უფრო მარტივად მოხდება, თუ გაიზრდება ამა თუ იმ ქვეყნიდან ევროკავშირში ჩასული მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში შესვლაზე უარის თქმის ან მათ მიერ ევროკავშირში დარჩენის დადგენილი ვადის დარღვევის შემთხვევები, ასევე თავშესაფრის მოთხოვნით განაცხადების ან ამ მოქალაქეების მიერ ჩადენილი სერიოზული კრიმინალური დანაშაულების რიცხვი.
ახალი წესების მიხედვით, პირველ ჯერზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება მოხდება 12 თვით, დღეს მოქმედი ცხრა თვის ნაცვლად. ეს პერიოდში შეიძლება კიდევ 24 თვით გახანგრძლივდეს.
„ვიზალიბერალიზაციის დროებით შეჩერების ვადის გახანგრძლივება საშუალებას მისცემს ევროკავშირს, მესამე ქვეყანასთან ითანამშრომლოს, რათა აღმოფხვრას ის გარემოებები, რის გამოც შეჩერდა უვიზო მიმოსვლა (მანამდე, ვიდრე უვიზო მიმოსვლა საბოლოოდ გაუქმდება)", - ნათქვამია პრესრელიზში.
უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერების ახალი მექანიზმი ასევე ითვალისწინებს მიზნობრივ მიდგომას. ამ დრომდე მოქმედი წესით უვიზო მიმოსვლის შეჩერების გახანგრძლივების დროს ეს ზომა თუ მესამე ქვეყნის ყველა მოქალაქეზე აისახებოდა, ახალი წესებით, ვიზალიბერალიზაციის შეჩერების დამატებით 24-თვიანი პერიოდი არ შეეხება ყველა მოქალაქეს. ამის ნაცვლად, ევროკავშირს შეეძლება, ეს ზომა აამოქმედოს მხოლოდ მთავრობის ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ. უვიზო მიმოსვლის ახალი მექანიზმი ძალაში შევა ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეოცე დღეს. ის იქნება სავალდებულო და გამოყენებული ევროკავშირის სახელმწიფოებში.
ავტორ(ებ)ი :