ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართა 18.11.2025 19:24

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.

სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი იყო საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებები და უკანონო ბორდერიზაციის ფაქტები.

საოკუპაციო ხაზთან ე.წ. ბორდერიზაციის 13 შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დროისთვის დე ფაქტო რეჟიმის პატიმრობაში რჩება საქართველოს ათი მოქალაქე. შეხვედრაზე განიხილეს გამყოფ ხაზთან წინა შეხვედრიდან დღემდე მომხდარი ინციდენტები.

ირაკლი ანთაძის განმარტებით, შეხვედრაზე ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს საკითხი კიდევ ერთხელ დააყენეს.

უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, განხილული იყო ჰუმანიტარული საკითხებიც. შეხვედრის დაწყებამდე, ტექნიკური შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა იმსჯელეს საირიგაციო სისტემების მოწესრიგებაზე.

„დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირების დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხი. ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, კონკრეტული პასუხი გათავისუფლების ვადებთან დაკავშირებით ჩვენთვის ცნობილი არ არის. საერთაშორისო პარტნიორების დახმარებით, გრძელდება მუშაობა, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი პირები დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს.

საუბარი შეეხო საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, ვგულისხმობ ე.წ. უკანონო ბორდერიზაციის პროცესს. კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ცენტრალური ხელისუფლების მტკიცე პოზიცია, ამგვარი დესტრუქციული ქმედებების მიუღებლობის შესახებ, რაც საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. განვიხილეთ თავისუფალი გადაადგილების საკითხი. დღეს ასევე ტექნიკურ საკითხებზე ვიმსჯელეთ. შეხვედრაში მონაწილეობდნენ მოწვეული ექსპერტები, მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. განისაზღვრა ამ კუთხით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.

ჩორჩანას საკითხს საოკუპაციო რეჟიმი მუდმივად აყენებს და აცხადებს, რომ ეს არის საფრთხე. ამ კუთხით მინდა, აღვნიშნო, რომ პოლიციის სტანდარტული პოსტი არ წარმოადგენს არანაირ საფრთხეს. ამ კუთხით საფრთხეები განეიტრალებულია. საფრთხეს წარმოადგენდა თავის დროზე მისი დანაშაულებრივი მიზნით ჩადგმა. რაც შეეხება საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა განცხადებებს პოსტის აღების თაობაზე, ამაზეც არსებობს ცენტრალური ხელისუფლების გაცხადებული პოზიცია, რაც მათ კიდევ ერთხელ ეუწყათ“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ