18.11.2025 21:31
“თავი შორს დაიჭირეთ კონფლიქტისგან, დრო საქართველოს სასარგებლოდ მუშაობს. საქართველოს მომავლის დიდი ნაწილი უკრაინის ომის ბედზეა დამოკიდებული”, – განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ ევროპარლამენტის წევრმა, დიპლომატმა მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე დასავლეთის მოთხოვნაზე საუბრისას.
მისი შეფასებით, ეს ომი ნატოსა და ევროკავშირისთვის ძალიან ცუდად მიდის.
„ევროკავშირი უკრაინის გაწევრიანებას აპირებს, მაგრამ ეს მხოლოდ სიტყვებია, ყველამ ვიცით, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ვერ გახდება. დაახლოებით ორი კვირის წინ გავრცელდა ანგარიში ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანების თვალსაზრისით წინსვლის თაობაზე. ეს ანგარიში ძალიან კარგად იწყება, მაგრამ მასში ბევრი საუბარია კორუფციაზე და უკრაინის ხელისუფლებას ბრალი ედება ციხეებში წამებაში. ვიმეორებ ეს ევროკავშირის მიერ შექმნილ, უკრაინასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციაში აქამდე არნახულია. ევროკავშირი, რომელიც მუდამ პრო-უკრაინულია, ამბობს ამას. ეს პირველ რიგში დასტურია იმისა, რომ უკრაინისგან თავის შორს დაჭერა სურთ. ბრიუსელში იციან, რომ ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ძალიან ძვირი იქნება, ეს ევროკავშირის აფეთქებას გამოიწვევს“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.
მან აღნიშნულ კონტექსტში საქართველოს ადგილსა და გეოგრაფიულ მდებარეობაზეც ისაუბრა.
„რაც შეეხება საქართველოს, თქვენი გეოგრაფიული მდებარეობა შესანიშნავია, თქვენ აზიასა და ევროპას შორის ხართ. ეს ამავე დროს გამოწვევებით სავსე რეგიონია, ფრონტისპირას ხართ, ყველა მხარე თქვენით დაინტერესებულია.
ასე რომ ჩემი რჩევაა, თავი შორს დაიჭიროთ კონფლიქტისგან. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, არ მიიღოთ უსარგებლო გადაწყვეტილებები. ომი ისე მიდის, რომ აუცილებლად გექნებათ ამოსუნთქვის შესაძლებლობა. ევროკავშირი და ელჩები, რომლებიც მტრული დამოკიდებულებით გამოირჩევიან, ნახევარ წელიწადში დადუმდებიან. დაელოდეთ მოვლენათა განვითარებას და შემდგომ საკუთარი გადმოსახედიდან მიიღეთ გადაწყვეტილება.
აუცილებელია კი ევროკავშირის გაჩაღებულ ომში ჩაებათ? მიმაჩნია, რომ არა. ევროკავშირში მოლდოვაც ვერ გაწევრიანდება. ჩვენ ხომ ვაკვირდებით არჩევნებს. მე ბევრ არჩევნებს დავკვირვებივარ ეს გაეროს ერთ-ერთი მანდატია, მოლდოვაში არჩევნები გაყალბდა, ევროკავშირში კი განაცხადეს, რომ ეს შესანიშნავი არჩევნები იყო, ევროკავშირი მარცხდება, ჩვენ სწორედ დამარცხებულის მენტალიტეტი გვაქვს, დავკარგეთ მორალური ღირებულებები, ეს ძალიან გულდასაწყვეტია“, – განაცხადა მაიკლ ფონ დერ შულენბურგმა.
მან უკრაინასთან მიმართებაში შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებაზეც იმსჯელა და აღნიშნა, რომ ამერიკაში საქმე სხვაგვარად არის.
„როდესაც ზელენსკი ტრამპს შეხვდა და მას „ტომაჰავკის“ სახის სარაკეტო შეიარაღების კიევისთვის გადაცემა სთხოვა, ერთ-ერთ არგუმენტად ზელენსკიმ უკრაინის მიერ ამ ომით ამერიკის შეერთებული შტატების დაცვაც ახსენა. ტრამპმა კი მას მიუგო, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს იცავს ატლანტის ოკეანე, ევროპას კი ატლანტის ოკეანე ვერ დაიცავს. ჩვენ ომების ყურისძირში ვართ და სწორედ ჩვენ გადავიხდით ამ ომების საფასურსაც“, – განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.
ავტორ(ებ)ი :