ტრაგედიაა, რომ PACE საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და მათი მხრიდან ამ პოზიციის დაფიქსირება სწორია -თაზო დათუნაშვილი 20.11.2025 12:06

„ლელო - ძლიერი საქართველოს" წევრის თაზო დათუნაშვილის განცხადებით, ტრაგედიაა, როცა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ( PACE) საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ქვეყანაში დიქტატურის დამყარებად აფასებს.

დათუნაშვილის თქმით, ამ რეალობას ვერ ფარავს ვერც დიპლომატიური ენა და PACE-ს მხრიდან აღნიშნული პოზიციის დაფიქსირება სწორია.

თაზო დათუნაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლების, ედიტე ესტრელასა და საბინა ჩუდიჩის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა.

„ესაა ორგანიზაცია, რომლის წევრიც საქართველო არის 1999 წლიდან. ამ ორგანიზაციაში მიიღეს შევარდნაძის დროინდელი საქართველო იმ იმედით, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყანაში ხედავდნენ უდიდეს პოტენციალს, რომ საქართველო, ქართული სახელმწიფო ბევრწლიანი პაუზის შემდეგ მოახერხებდა ევროპულ ოჯახში დაბრუნებას. ქართული სახელმწიფოებრიობისთვის ტრაგედიაა, რომ დღეს ეს ორგანიზაცია საქართველოს პოლიტიკურ ვითარებას დიქტატურის დამყარებად აფასებს, მაგრამ ეს არის რეალობა და ამ რეალობას ვერ ფარავს ვერც დიპლომატიური ენა და არც ფარავს, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია სწორი პოზიციონირება სწორ დროს და PACE-ს მხრიდან ახლა სწორია ამ პოზიციის დაფიქსირება. მთავარი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ არ შეიძლება, დემოკრატიულ, ცივილიზებულ საზოგადოებაში, რომელსაც ესმის საკუთარი სახელმწიფო ინტერესები, ესმის საკუთარი მოქალაქეების კეთილდღეობა და ამაზე პასუხისმგებლობას იღებს, ყველა ოპოზიციური ლიდერი ჰყავდეს ციხეში ან პოლიტიკური დევნის ქვეშ. ეს არ შეიძლება და ამაზე აკეთებს აქცენტს PACE. ეს ძალიან მაღალი დონის გზავნილია „ქართული ოცნების" ე.წ. ხელისუფლებისთვის, რომ გონს მოეგოს ივანიშვილის რეჟიმი, გონს მოეგოს და დააბრუნოს ეს ქვეყანა იმ წერტილში, რა წერტილშიც უნდა საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას - ევროკავშირისკენ ინტეგრაციაში. ტრაგედიაა 1999 წლიდან 2025 წლამდე ამ გზის გავლა და დასრულება იმით, რომ PACE-მ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა შეაფასოს დიქტატურის დამყარებად. არსებობს შანსი, რომ აქედან უკან დავიხიოთ, თუ „ქართული ოცნება" შეწყვეტს საშინელ პროცესს, რომელშიც ჩათრეული ჰყავს საქართველოს სრული მოსახლეობა", - აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ