26.11.2025 16:10
3+1+1 სისტემა ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას, ასევე, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული ხარჯები და ეს ყველაფერი მოგვცემს საშუალებას, მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული სისტემა - 4+2 არავითარ სიღრმისეულ ანალიზს არ ეფუძნება.
„არავის გაუანალიზებია, რამდენადაა აუცილებელი 4+2 სისტემა. ჩვენ სიღრმისეული ანალიზი განვახორციელეთ და ვფიქრობთ, საფუძვლიანად ჩავთვალეთ მიზანშეწონილად 3+1+1 სისტემაზე გადასვლა, გამომდინარე იქიდან, რომ 3 წელიწადში სავსებით არის შესაძლებელი ბაკალავრიატის გავლა მაღალი ხარისხით და ერთ წელიწადში მაგისტრატურის გავლა და + 1 წელიწადში, თუ სტუდენტს უნდა აკადემიური საქმიანობის გაგრძელება.
დამატებით, გაიზრდება სამუშაო ძალა - 30 000 ადამიანით, რაც არის ეკონომიკური ეფექტი, დაკავშირებული ამ კონკრეტულ ცვლილებასთან.
მრავალ ქვეყანაში უკვე მოქმედებს ასეთი სისტემა, ვგულისხმობ განვითარებულ ქვეყნებს, ანუ აპრობირებული პრაქტიკაც არის. აქედან გამომდინარე, ერთი მხრივ, ბოლონიის პროცესთან არის თავსებადი ეს სისტემა და მეორე მხრივ - უზრუნველყოფს სისტემის დახვეწას. ასევე, თანხების დაზოგვასაც გამოიწვევს, დაახლოებით, 25 %-ით დაიზოგება ხარჯები, რაც უმაღლეს განათლებასთანაა დაკავშირებული. ბუნებრივია, ეს ყველაფერი ჩვენ მოგვცემს იმის საშუალებას, რომ მეტი ინვესტიცია ჩავდოთ უშუალოდ სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. ეს თანხები ისევ უმაღლეს განათლებაში უნდა ჩაბრუნდეს, ოღონდ კონკრეტული მიზნობრიობით და ეს მიზანი უნდა იყოს ხარისხის ამაღლება უმაღლესი განათლების სისტემაში,"- განაცხადა პრემიერმა.
უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის განხორციელების ეტაპები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ - პირველი ფაზა - მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი, რაც უნდა შესრულდეს მომავალ აკადემიურ წლამდე, სექტემბრამდე არის კანონმდებლობის გადახედვა, ასევე უახლოეს თვეებში უნდა დასრულდეს შრომის ბაზრის ანალიზი.
„უნივერსიტეტებში სტუდენტების მიღება ახალი მოდელის შესაბამისად უკვე უნდა დავიწყოთ ამ აკადემიური წლიდან, მომავალი წლის სექტემბრიდან და უკვე უნდა მომზადდეს ამისთვის პირობები, უნდა ამოქმედდეს დაფინანსების ახალი მოდელი, თუმცა მინდა დავაკონკრეტო, რომ ყველა ის სტუდენტი, რომელიც უკვე სწავლობს უნივერსიტეტებში, უკვე ჩაბარებული აქვს, გააგრძელებს სწავლას არსებული დაფინანსების მოდელით, საგრანტო მოდელით, მათი მდგომარეობა არ შეიცვლება და ყველა შეძლებს, დაამთავროს სწავლა იმ უნივერსიტეტში, სადაც ჩაირიცხა. როგორც არ უნდა გადათამაშდეს კვოტები, დაფინანსების მოდელი, ეს არც ერთ შემთხვევაში არ შეეხებათ მოქმედ სტუდენტებს, რომლებსაც კონკრეტული პირობებით აქვთ ჩაბარებული შესაბამის უნივერსიტეტებში", - განაცხადა პრემიერმა.
რაც შეეხება მეორე ფაზით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ირაკლი კობახიძის შეფასებით, 4 წელიწადში აბსოლუტურად მოსწრებადია ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, რაც ყველაზე შრომატევადი საქმეა და დროსაც მოითხოვს.
„გვინდა, შევქმნათ ახალი ინფრასტრუქტურა თბილისსა და რუსთავს შორის და ქუთაისში და ვფიქრობთ, 4 წელიწადში, მაქსიმუმ 5 წელიწადში შესაძლებელია ამ ინფრასტრუქტურის შექმნა. ასევე საკადრო პოლიტიკის სრულად მოწესრიგება, რა თქმა უნდა, ახლავე დაიწყება, მაგრამ ვფიქრობთ, შესაძლებელია, დასრულდეს 4 წელიწადში. 3+1+1 სისტემაზე სრული გადასვლა ასევე 4 წელიწადში, თუმცა აქაც მანამდე დავიწყებთ სისტემის ცვლილებას. ხარისხის მართვის სისტემის მოწესრიგებას დრო დასჭირდება. აქაც აქედანვე არის მუშაობა დასაწყები, თუმცა თვისებრივად დასახვეწად 3-4 წელი იქნება საჭირო. რაც შეეხება პროგრამების დახვეწას და სახელმძღვანელოების შექმნას, აქაც, ვფიქრობთ, რომ 4-წლიან პერსპექტივაში შესაძლებელია თვისებრივად კონკრეტული ამოცანების შესრულება და მიზნების მიღწევა. ამიტომ, ვადები შეგვიძლია ორ ფაზად დავყოთ. პირველი ფაზა - მომავალი წლის სექტემბრამდე, მეორე ფაზა მოიცავს დაახლოებით 4-5-წლიან პერიოდს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ავტორ(ებ)ი :