01.12.2025 12:07
დღეს ვამტკიცებთ უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციას. ამ რეფორმის მიზანია, ქართველმა სტუდენტმა საქართველოში მიიღოს უმაღლესი სტანდარტების საუნივერსიტეტო განათლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, განათლების რეფორმას უნდა მიენიჭოს განსაკუთრებული მნიშვნელობა, რადგან ქვეყნისთვის ყველაზე საშიში არის ისეთი საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად და უხარისხოდ განათლებული.
„ყველას კარგად გვესმის, რამდენად დიდია განათლების და განათლებული საზოგადოების მნიშვნელობა. ყველაზე საშიში ქვეყნისთვის არის ისეთი საზოგადოება, რომელიც არის არასაკმარისად და უხარისხოდ განათლებული. აქედან გამომდინარე, განათლების რეფორმას ჩვენ უნდა მივანიჭოთ განსაკუთრებული მნიშვნელობა. არასაკმარისად განათლებული საზოგადოება იოლად ექვემდებარება მანიპულაციას, გარე ჩარევებს. ასეთ საზოგადოებაში იოლია სიძულვილის დათესვა, იოლია ისეთი იდეოლოგიების გავრცელება, როგორებიც იყო თავის დროზე ბოლშევიზმი, ფაშიზმი და როგორიც არის დღეს თანამედროვე ლიბერალური ფაშიზმი. ამდენად, ყველა თვალსაზრისით ენიჭება ამ რეფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა, მათ შორის ეროვნული უსაფრთხოების განტმკიცების თვალსაზრისითაც.
ის, რომ განათლებასთან პირდაპირ არის დაკავშირებული ეროვნული უსაფრთხოება, კარგად ესმოდათ იმ ძალებს, რომლებმაც სწორედ მიზანმიმართულად დაასუსტეს განათლების სისტემა ცხრა წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში. განათლებულ საზოგადოებას ყველაზე უკეთ შეუძლია, დაიცვას საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესები, დამოუკიდებლობა და უსაფრთხოება. ეს იცოდნენ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა და, აქედან გამომდინარე, 2004-2012 წლებში მათ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს განათლების სისტემის, როგორც უმაღლესი განათლების, ისე ზოგადი განათლების სისტემის დასუსტებას და მორღვევას. რაც გაფუჭდა ჯერ 90-იან წლებში, შემდეგ 2004-2012 წლებში, ის უნდა გამოსწორდეს ახლა. ზუსტად ეს არის უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციის საკვანძო მიზანი.
კონცეფცია მოიცავს რეფორმის ყველა აუცილებელ კომპონენტს, მიმართულებას - ინსტიტუციური ოპტიმიზაცია, საკადრო პოლიტიკის დახვეწა, თანამედროვე სტანდარტები, სასწავლო პროგრამების განვითარება, სახელმძღვანელოების განვითარება, უმაღლესი განათლების პრიორიტეტებისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანა, დაფინანსების სისტემის გაუმჯობესება. ასევე, ინფრასტრუქტურის სამინისტრო დღეიდან დაიწყებს კონცეფციის მომზადებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის. ეს იქნება თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურა, რომელიც განვითარდება თბილისსა და რუსთავს შორის, ასევე ქუთაისში. ეს მოიცავს თანამედროვე სტანდარტების სამუშაო სივრცეებს, აუდიტორიებს, სამეცნიერო ლაბორატორიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ და სპორტულ ინფრასტრუქტურას, საერთო საცხოვრებლებს. ჩვენ უნდა შევქმნათ ორი პატარა სამოთხე ჩვენი მომავალი სტუდენტებისთვის. ხვალ განათლების მინისტრი წარადგენს ზოგადი განათლების კონცეფციას. განათლების რეფორმა უნდა იყოს კომპლექსური თავისი შინაარსით და ამ რეფორმასთან ერთად ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომელიც განხორციელდება ზოგადი განათლების სფეროში. ამასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას განათლების მინისტრი ხვალ გაუზიარებს საზოგადოებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ავტორ(ებ)ი :