01.12.2025 15:55
BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ჩვეულებრივი სისულელეა, თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, საქართველოზე მიმდინარეობს შეტევა და ყველაფერს აკეთებენ, რომ ტყუილით გაჯერებული ინფორმაციები გაავრცელონ.
„ეს არის ჩვეულებრივი სისულელე. ხედავთ, როგორ მიდის შეტევა ჩვენს ქვეყანაზე - თუკი რაიმე სიბინძურე შეიძლება, ყველაფერს კადრულობენ, ყველაფერს აკეთებენ, რათა გაავრცელონ ინფორმაციები, რომელიც მხოლოდ ტყუილით არის გაჯერებული. არ ვიცი, საერთოდ ღირს თუ არა სერიოზული პასუხის გაცემა ამ ტიპის სისულელეებზე", - აღნიშნა კახა კალაძემ.
BBC გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს". კერძოდ, BBC პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. ამასთან, BBC-ის ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".
პარტია „ქართულმა ოცნებამ" დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება" BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.
„გამოვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ გზას, რათა სიცრუის გამავრცელებელმა ეგრეთ წოდებულმა მედიამ პასუხი აგოს ბინძური, ცრუ ბრალდებების გავრცელების გამო", - ნათქვამია „ქართული ოცნების" განცხადებაში.
ავტორ(ებ)ი :