,,ვნახეთ ცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ, ეს თუ დადასტურდა, მიუღებელი იქნება''- ანიტა ჰიპერი 01.12.2025 18:12

 

ველოდებით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას აბრალდებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისიის პრესსპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.

ანიტა ჰიპერმა კომენტარი გააკეთა გამოქვეყნებულ მასალაზე, სათაურით: „ბიბისის" მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს".

კერძოდ, „ბიბისი" პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი უფროს ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს.

რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი.

„ბიბისის" მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს". ამასთან, „ბიბისის" ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".

„ჩვენც ახლახან ვნახეთ ცნობები მედიაში დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. ეს თუ დადასტურდა, მიუღებელი იქნება. ველოდებით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით", - განაცხადა ჰიპერმა.

დღესვე პარტია „ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ „ქართული ოცნება" „ბიბისის" წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას იწყებს.

 

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ