02.12.2025 12:37
„ბიბისი", რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს სისულელეს ავრცელებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის თქმით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს დეტალურ ინფორმაციას, რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ".
„ბიბისი", რომელიც თავის დროზე იყო მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია, დღეს ასეთ სისულელეს ავრცელებს. უფრო დეტალურ ინფორმაციას გაავრცელებს ამ თემაზე შინაგან საქმეთა მინისტრი, სამინისტრო, მაგრამ წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ, სამწუხაროდ, „ბიბისის" ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება, „ბიბისი", საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფეიკ ტელევიზიები საქართველოში. თუმცა, ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით, მარტივი ტყუილი შეიძლება იკადროს „ბიბისიმ", რაც არის სამწუხარო და დასანანი. ტყუილი არის ტყუილი, დანარჩენი ყველაფერი არის მეორეხარისხოვანი. როდესაც „ბიბისი" კადრულობს ტყუილს, ამას სჭირდება სათანადო შეფასება. ფაქტებით მტკიცდება, რომ ეს იყო ტყუილი. შინაგან საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას, მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, რა ტყუილი იკადრა „ბიბისიმ".
თავისთავად ის ფაქტი, რომ ჩახუნაშვილის დასკვნას ეყრდნობა „ბიბისი", ეს უკვე მეტყველებს ამ ტელევიზიაში სტანდარტების დონეზე. ეს დონე არის ძალიან დაბლა დასული. ყველას მოეხსენება, რომ მამა-შვილი ჩახუნაშვილები არიან რადიკალური აქციების გულმხურვალე მონაწილეები. ერთ-ერთი მათგანი მონაწილეობდა პრეზიდენტის სასახლეზე შტურმში. ასეთ ადამიანებს როდესაც ეყრდნობა „ბიბისი", ეს უკვე ტრაგიკული მოვლენაა. დანარჩენზე არ ღირს კომენტარის გაკეთება. პირველ რიგში, ეს ნივთიერებები შეძენილია 2009 წელს. რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული მასალა. აქედან გამომდინარე, შსს დეტალურად გეტყვით იმას, რა ტყუილი გაავრცელა „ბიბისიმ". ნივთიერება შეიძლება იყოს წყლის ჭავლში გარეული, მაგრამ რა ნივთიერებაა გარეული, ამაშია საქმე, „ბიბისიმ" იკადრა ტყუილი ზუსტად ამასთან დაკავშირებით", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ცნობისთვის BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს". კერძოდ, BBC პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. BBC-ის მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს". ამასთან, BBC-ის ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ".
ამასთან, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.
ავტორ(ებ)ი :