02.12.2025 16:46
BBC-სთვის შეგნებულად იყო მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს შესაძლებელია, სამართლებრივადაც შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა.
„როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას, სახელმწიფოს საზიანო, ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში, ეს შეიძლება იყოს შეფასებული კრიმინალად, თუმცა მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დანაშაულის კვალიფიკაციას ადგენს, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, მაგრამ, ზოგადად, ყალბი ინფორმაციის მიწოდება, სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს. ტელევიზიას მიაწოდეს ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს კონკრეტული ნივთიერება იყო გამოყენებული. ეს იყო შეგნებულად მიწოდებული ყალბი ინფორმაცია, რაც პირდაპირ იყო მიმართული სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ. შესაბამისად, ამას თავისუფლად შეიძლება მიენიჭოს დანაშაულის კვალიფიკაცია. როდესაც კონკრეტული ტელევიზია შეგნებულად ავრცელებს ცრუ ინფორმაციას, რაც მიმართულია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, ეს სამართლებრივადაც შესაძლებელია, შეფასდეს, როგორც მტრული საქმიანობა. ყალბ ინფორმაციაზე დაყრდნობით თუ რაიმე სანქცია დაწესდება, ამას არანაირი ფასი არ ექნება. „ბიბისი" ენდობა ჩახუნაშვილებს. ჩახუნაშვილების, ასევე კონკრეტული მოღალატე სპეცრაზმელების დონემდე დავიდა „ბი-ბი-სი", რომლებიც ათას სიყალბეს ავრცელებდნენ მთელი ამ დროის განმავლობაში და ეს იყო მორიგი სიყალბე და ამით საზოგადოებისთვის ყველაფერი ნათელია", - განაცხადა პრემიერმა.
ცნობისთვის BBC-იმ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: BBC-ის მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, BBC- პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. BBC-ის მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, BBC-ის ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
ამასთან, "ქართულმა ოცნებამ" განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.
ავტორ(ებ)ი :