02.12.2025 17:09
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საერთაშორისო და რეგიონული გეოპოლიტიკური გამოწვევები, ასევე, საერთაშორისო ვაჭრობისა და ინვესტიციების საკითხები. საუბარი, აგრეთვე, შეეხო საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებასა და ამ ურთიერთობების საპარლამენტო განზომილების მნიშვნელობას.
„პარლამენტის თავმჯდომარემ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შუა დერეფნის პროექტის განვითარების ასპექტები და სამომავლო პერსპექტივები გააცნო.
შეხვედრა შედგა ინდოეთში მიმდინარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა", - ნათქვამია პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორ(ებ)ი :