შემაშფოთებელია ვითომდა სანდო წყაროების, ამ შემთხვევაში „ბიბისის“ გამოყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად, მნიშვნელოვანია, ყველა მსგავს ქმედებას სათანადო რეაგირება მოჰყვეს -მაკა ბოჭორიშვილი 03.12.2025 17:27

კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერად დაიწყო გამოძიება „ბიბისის" მასალასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, უნდა გაანალიზდეს, თუ რატომ ხდება საქართველოზე მსგავსი თავდასხმები.

„შინაარსში შესვლამდე, თავად ფაქტის ანალიზი უნდა მოხდეს, თუ რატომ ხდება საქართველოზე ასეთი უხეში თავდასხმები ყველა აქტორის გამოყენებით. ამ თავდასხმებში ჩართული არის საერთაშორისო მედია, ამ შემთხვევაში ჩვენ ვხედავთ „ბიბისის" განსაკუთრებულ აქტიურობას. ეს არ არის პირველი ბრალდება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მისამართით ჟღერდება, ეს არ იქნება პირველი ბრალდება, რომელიც ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული და ძალიან მძიმე დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას. ამ ბრძოლას აქვს ძალიან ცუდი მიზანი, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას. შემაშფოთებელია, რომ ვითომდა სანდო წყაროები გამოიყენება დეზინფორმაციის გასავრცელებლად.

მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს სათანადო რეაგირება ყველა მსგავს ქმედებაზე, რაც მიმართულია ჩვენი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ. ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მყისიერად დაიწყო გამოძიება ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა, ვინ დგას სწორედ ასეთი ქმედებების უკან. რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოება ძალიან ბევრს ხედავს, თუ რა კამპანიები მიმდინარეობს საქართველოს წინააღმდეგ ბოლო წლების განმავლობაში. თუმცა ჩვენ უფრო სიღრმისეულად გვჭირდება გამოძიება, ვინ არიან ამ კამპანიების უკან და რომელი აქტორები არიან ჩართული საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებაში", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

 

ავტორ(ებ)ი :

ბოლო სიახლეები

 

 

 

ასევე დაგაინტერესებთ